#კინო

აკადემიის პრიზების ისტორია: 15-წუთიანი ცერემონიიდან დიდებამდე

გაზიარება:

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ცერემონია აკადემიის პრიზები ანუ „ოსკარები“, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1929 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. კინოინდუსტრიაში შეტანილი მიღწევების აღსანიშნი დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის აღიარებული და ჩვენც, მილიონობით სხვა კინომოყვარულის მსგავსად, მოუთმენლად ველოდებით 13 მარტის დადგომას და „ოსკარის“ რიგით 95-ე ცერემონიის გამარჯვებულების ხილვას.

„ოსკარების“ 1-ელი ცერემონია, 1929 წლის 16 მაისი, Hollywood Roosevelt Hotel

რა ხდის აკადემიის პრიზებს ასეთ ღირებულს? რატომ ითვლება აკადემიის ღირსების პრიზი თითოეული არტისტისთვის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად? მაინც რა იმალება „ოსკარის“ დიდების მიღმა? 

აკადემიის პრიზების ცერემონია სათავეს 1929 წლის 16 მაისიდან იღებს, სწორედ ამ დღეს, დაახლოებით 270 ადამიანი, 5$-ად ნაყიდი ბილეთით Hollywood Roosevelt Hotel-ში შეიკრიბა და 15 წუთის განმავლობაში, „ოსკარის“ თხუთმეტი ქანდაკების გადაცემის ცერემონიას დაესწრო. ძნელი დასაჯერებელია, რომ ცერემონია, რომელიც დღეს სულ მცირე 3 საათი გრძელდება, ოდესღაც 15 წუთში მოკრძალებულად დასრულდა, თუმცა „ოსკარმა“ კუთვნილი დიდება ნელ-ნელა, დამაჯერებელი ნაბიჯებით მოიპოვა.

აკადემიის ღირსების პრიზის პირველი მფლობელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში - ჯანეტ გეინორი

„ოსკარების“ ცერემონიის მთავარი ჯილდო აკადემიის ღირსების პრიზი გახლავთ, რომელიც 1928 წელს CW Shumway & Sons Foundry-ის საამქროში ჩამოისხა. არტ-დეკოს სტილში გამოსახული რაინდის პრიზის შექმნას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტ-დირექტორი სედრიკ გიბსონი ხელმძღვანელობდა. აკადემიის ღირსების პრიზის სკულპტორი კი მოქანდაკე ჯორჯ სტენლი გახლდათ, რომელმაც 5 კოლოფზე მდგარი რაინდი, ცალ ხელში ჯვაროსნის ხმლით გამოსახა. 

Wings - საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული პირველი ფილმი 

სკულპტურის 5 კოლოფი სიმბოლურად კინოაკადემიის ხუთ მთავარ მიმართულებას: მსახიობებს, მწერლებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და ტექნიკური პერსონალს გამოხატავს.

სიტყვა „ოსკარი“ ბეჭდურ მედიაში პირველად თაიმის 1934 წლის სტატიაში არის ნახსენები, რომელიც კინოაკადემიის რიგით მე-6 ცერემონიას მიმოიხილავს, თუმცა ამ ტერმინის წარმოშობა დღესაც სადავო საკითხია. ბეტი დეივისის ერთ-ერთი ბიოგრაფის მტკიცებით, კინოაკადემიის პრიზს სახელი დეივისის პირველი ქმრის, მუსიკოს ჰარმონ ოსკარ ნელსონის გამო დაერქვა; თუმცა არსებობს კიდევ ერთი ისტორია თუ როგორ წამოიძახა კინოაკადემიის მაშინდელმა აღმასრულებელმა მდივანმა მარგარეტ ჰერიკმა ქანდაკების ნახვისას „ეს ხომ ბიძაჩემი ოსკარია“, ამ ფაქტის შემსწრე ჟურნალისტმა, სინდი სკოლსკმა კი თავის სტატიაში დაწერა, რომ კინოაკადემიის „თანამშრომლებმა უკვე მოუფიქრეს საყვარელი სახელი, „ოსკარი“ მათ ცნობილ ქანდაკებას“.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კინოაკადემია ოქროს დეფიციტის გამო ქანდაკებებს თაბაშირისგან ამზადებდა, თუმცა ომის დასრულებისთანავე თაბაშირი კვლავ ოქრომ ჩაანაცვლა.

„ოსკარების შოუ“ პირველად ეთერში 1953 წელს NBC-ზე გადაიცა

„ოსკარების შოუ“ პირველად ეთერში 1953 წელს NBC-ზე გადაიცა. 1960-70 წლებში „ოსკარების ცერემონიას“ ABC გადასცემდა, თუმცა 1970 წელს თამაშში NBC დაბრუნდა და 6 წლის განმავლობაში მთავარი ტელემაუწყებელი გახდა. 1976 წლიდან დღემდე „ოსკარებს“ ABC გადაცმოსცემს.

კინოაკადემიის შესაბამისი განაწესის მიხედვით, თავი 2 და 3, ნომინაციებში წარსადგენად ფილმი საჭიროა წინა კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში შტატ კალიფორნიის ლოს-ანჯელესის ოლქის ტერიტორიაზე იყოს კინოგაქირავებაში ოფიციალურად გასული (გარდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიისა). ამ განაწესის მე-2 თავის შესაბამისად, ფილმი მინიმუმ 40 წთ. უნდა გრძელდებოდეს.

ზევით