#კინო

ღვთაებრივი ანიტა ეკბერგის ცხოვრება საკულტო როლამდე და მას შემდეგ

გაზიარება:

მიზანდასახული, შრომისმოყვარე, თამამი და გაბედული კერსტინ ანიტა მარიანა ეკბერგი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც ანიტა ეკბერგი, შვედი მსახიობი, ფედერიკო ფელინის მუზა და გასული საუკუნის 50-იანი წლების ამერიკული და ევროპული კინოს მშვენება გახლდათ. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ანიტას ცხოვრება, იტალიელ რეჟისორს საკუთარ მუზად რომ არ ექცია, საკულტო La Dolce Vita არ გადაეღო და „ოცნების ქალის“ როლზე სწორედ ეკბერგი არ აერჩია.

ანიტა ეკბერგმა სამოდელო კარიერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. 20 წლის ასაკში ანიტა "მის შვედეთი" გახდა და 1951 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში "მის სამყაროს" კონკურსზე გაემგზავრა. სწორედ შტატებში ყოფნის დროს გააცნო გამოცემა LIFE-მა "მის შვედეთი" ამერიკელ საზოგადოებას. სტატიაში ნახსენები იყო ხუთი სიტყვა, რომელიც ანიტამ ინგლისურად იცოდა (yah, no, hamboorger, El Morocco, ice cream) და ცვლილებები, რომლებიც საკუთარ სხეულში უნდა შეეტანა იმისთვის, რომ აშშ-ში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონოდა.

ორი წლის შემდეგ, ანიტა ეკბერგისკენ უკვე მიპყრობილი იყო საკმარისი ყურადღება იმისთვის, რომ მის შვედეთის დებიუტი კინოსამყაროში შემდგარიყო და ეს Abbott and Costello Go to Mars-ში მოხდა. საკმაოდ ნაყოფიერ დებიუტს მოჰყვა როლი ლევ ტოლსტოის War and Peace-ის ადაპტაციაში. აქ ეკბერგთან ერთად თამაშობდნენ ჰენრი ფონდა და ოდრი ჰეპბერნი. ფილმისთვის ანიტამ 1956 წელს Golden Globe-ის ჯილდოც დაიმსახურა, როგორც ყველაზე პერსპექტიულმა ახალბედამ. სწორედ War and Peace აღმოჩნდა ანიტას გზამკვლევი საკულტო შადრევნამდე, რადგან ფელინმა ღვთაებრივი სილამაზით დაჯილდოებული, ნიჭიერი და იმედისმომცემი ეკბერგი ამ ფილმიდან აღმოაჩინა.

La Dolce Vita-ში მთავარი როლის და კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრის შემდეგ, ანიტა ეკბერგის სამსახიობო კარიერამ კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო განვითარება.

La Dolce Vita-ს შემდეგ ანიტამ ანტიკომუნისტურ პროპაგანდისტულ ფილმში The Dam on the Yellow River-ში მიიღო მონაწილეობა. ამას მოჰყვა ვესტერნი 4 for Texas ფრენკ სინატრასთან და დინ მარტინთან ერთად. მოგვიანებით ეკბერგი ბობ ჰოუპთან ერთად კომედიური ჯანრის Call Me Bwana-შიც ვიხილეთ. თუმცა საკმაოდ წარმატებული ამერიკული კარიერის შემდეგ ანიტამ მუშაობა ევროპაში გააგრძელა. ამის მიზეზად მსახიობი ამერიკულ ფილმებში სექსისა და ძალადობის სცენების გახშირებას ასახელებდა: "სად არის ელეგანტურობა? მისტიკა? რომანტიკა?".

1980-90-იან წლებში ანიტამ მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Gold of the Amazon Women (1979), Killer Nun (1979), S.H.E: Security Hazards Expert (1980), 1987 წელს ეკბერგი გამოჩნდა ფედერიკო ფელინის კიდევ ერთ ეკრანიზაციაში - Intervista-ში, რომელშიც საკულტო როლის შემდეგ მასტროიანისთან კიდევ ერთხელ ითამაშა.

კინოსამყარო კაშკაშა, მბრწყინავ, ქარიზმატულ „ოცნების ქალს“ 2015 წელს გამოემშვიდობა.

ზევით