#კინო

ენ ჰეთეუეი და ჯარედ ლეტო ახალ მინისერიალში WeWork-ის ისტორიას გვიამბობენ

გაზიარება:

ოსკაროსანი მსახიობები ენ ჰეთეუეი და ჯარედ ლეტო, ახალი მინისერიალით Apple TV-ზე სულ მალე მოგვევლინებიან. სიყვარულის ისტორიის მონაწილე მსახიობები, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპის ეპიცენტრში იმყოფებიან და WeWork-ის აღმავლობისა და დაცემის შესახებ გვიამბობენ. 

მინისერიალს სახელწოდებით WeCrashed, დევიდ ბრაუნის ამავე სახელწოდების პოდკასტების სერია უდევს საფუძვლად, ორივე მათგანი ერთად კი რეალური მოვლენების ანარეკლია, რომელიც გასული ათწლეულის განმავლობაში ადამ ნეუმანისა და რებეკა ნეუმანის ცხოვრებაში და $47 მილიარდად შეფასებული სტარტაპის გარშემო ვითარდებოდა. სტარტაპის, რომელმაც მოულოდნელად განიცადა კრახი, რა მოხდა?

ახალგაზრდა ბიზნესმენმა ადამ ნეუმანმა მეგობართან მიგელ მაკლევისთან ერთად WeWork საოფისე ფართების სტარტაპი 2010 წელს დააარსა. სტარტაპის კონცეფცია იმაში მდგომარეობდა, რომ ის ტრადიციული სოფისე ფართებისგან განსხვავებით, ადამიანებს კომფორტულ, კრეატიულ და სიურპრიზებით სავსე გარემოს სთავაზობდა. სტარტაპი ნიუ-იორკის ერთადერთ ლოკაციაში, SoHo-ში სატესტო რეჟიმში ჩაეშვა და სტრატოსფერული ტემპით დაიწყო ზრდა, კომპანიამ მიიზიდა ისეთი მსხვილი ინვესტორები, როგორებიც JP Morgan Chase & Co, Goldman Sachs Group და the Harvard Corporation იყვნენ,  WeWork საოფისე სივრცეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიხსნა, უკვე 2019 წლისთვის კომპანიის ჯამური ღირებულება $9.5 მილიარდიდან $47 მილიარდამდე გაიზარდა.

საკმაოდ წარმატებული იდეის კიდევ უფრო წარმატებული რეალიზების შემდეგ, კიდევ ერთხელ უფრო დაჟინებით ისმის შეკითხვა, რამ გამოიწვია WeWork-ის დაცემა? რა მოხდა?

პასუხი კომპანიის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის ადამ ნიეუმანის სახელის მიღმა იმალება, იმ კაცის მიღმა რომელმაც იმპერია შექმნა, თუმცა არასწორი გადაწყვეტილებებით და კიდევ უფრო არასწორი ცხოვრების სტილით ყველაფერი დაკარგა. 2019 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, The Guardian საუბრობდა ნეუმანის დაუსრულებელ მოგზაურობებზე პირადი თვითმფრინავით და იმ ჭორებზეც, რომელთა მიხედვითაც ადამს თვითმფრინავით, საერთაშორისო საზღვრებზე მარიხუანა გადაჰქონდა, რა თქმა უნდა, არალეგალურად. ბრალდებები ისმოდა მისი მეუღლის რებეკა ნეუმანის წინააღმდეგაც, რომელიც თანამშრომლებს სამსახურიდან ხშირად სრულიად უმიზეზოდ, ზოგჯერ კი ცუდი განწყობის გამო ათავისუფლებდა.

მოვლენები ერთმანეთს ჯაჭვურად მიეწყო და რეაქციის გარდაუვალობას უკვე ყველა ამჩნევდა, ადამ და რებეკა ნეუმანების გარდა. 2019 წლის სექტემბერში WeWork-ის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი საბჭოს ხმების უმრავლესობით სამსახურიდან გაათავისუფლეს. ადამ ნეუმანის აღზევებისა და დაცემის ისტორიას მინისერიალ WeCrashed-ში ჯარედ ლეტო მოგვითხრობს, მისი მეუღლის რებეკას როლს კი ენ ჰეთეუეი მოირგებს.

მსახიობების საოცარი გარდასახვისა და შესრულების, მასთან ერთად WeWork-ის ისტორიის მოსმენის საშუალება 18 მარტიდან შეგვეძლება.

ზევით