#მხატვრობა

5 უცნობი ფაქტი ფოვისტი მხატვრის, ანრი მატისის შესახებ

გაზიარება:

ფერისა და ფორმის წყალობით ემოციების გამომხატველმა ენამ, ნამდვილმა ოსტატობამ ფრანგ მხატვარსა და მოქანდაკე ანრი მატისს დიდი აღიარება მოუტანა და თანამედროვე ხელოვნების წამყვან ფიგურად აქცია. ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა სახელოვნებო წრეებს გვიან შეუერთდა, თუმცა ინტენსიური ფერების, გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი გამოსახულების მეშვეობით საკუთარი სახელის დამკვიდრება და უკვდავყოფა ძალიან მალე მოახერხა. 

1. ანრი მატისს მხატვრობის მიმართ ინტერესი ადრეული ასაკიდან არ გასჩენია, როგორც ეს ხელოვანთა ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე. ანრი 20 წლის იყო, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდა სანოტარო ბიუროს კლერკი გამხდარიყო, თუმცა აპენდიციტის შეტევამ ახალგაზრდას გეგმები შეუცვალა და გარკვეული დროით საწოლს მიაჯაჭვა. სწორედ იმ დღეებში, მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ლოგინში მყოფმა ანრიმ დაიწყო ხატვა და საკუთარ თავში აღმოაჩინა ვნება იმ პროცესის მიმართ, რომელსაც მისი ცხოვრება აღარასოდეს დაუტოვებია.

წლების შემდეგ, როდესაც ანრი მატისი უკვე ხელოვნების წამყვანი ფიგურა იყო, მას მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ანრი მჯდომარე პოზაში ხატვას დიდხანს ვერ ახერხებდა. იმ დღეებში, როდესაც მატისი იძულებული იყო სკამიდან ლოგინში გადაენაცვლა, მხატვარმა მოჭრილი გუაშის ტექნიკა შეიმუშავა, რომელმაც ახალ შემოქმედებით პროცესს დაუდო სათავე.

2. 1920 წელს ანრი მატისმა კომპოზიტორ იგორ სტრავინსკის თხოვნით, სერჟ დიაგილევის ბალეტის „ბულბულის სიმღერისთვის“ დეკორაციები და კოსტიუმები შექმნა. მატისმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო პროექტი და ბალეტისთვის 10 ქურთუკი შექმნა, რომელთაგანაც დღემდე მხოლოდ 4 ნამუშევარია შემორჩენილი.

მოგვიანებით ანრიმ ქორეოგრაფ ლეონიდ მასინისგან მიიღო Rouge et Noir-ის ბალეტისთვის კოსტიუმების შექმნის შეთავაზება, ამ პროექტის შთაგონებად ხელოვანის შედევრი La Danse იქცა.

3. ანრის მეუღლე და შვილები წინააღმდეგობრივი დაჯგუფების წევრები  იყვნენ. მატისს ავადმყოფობისა და ლოგინზე მიჯაჭვულობის გამო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ომი თავად მოადგა კართან. 1944 წელს გესტაპომ ამელი მეტისი - ანრის მეუღლე დააპატიმრა. რაც შეეხება ანრის ქალიშვილს მარგარიტას, ის მისი ძმის მსგავსად წინააღმდეგობის სხვადასხვა ჯგუფში იყო ჩართული. პოლიტიკურ ოპონენტად ბრალდებულ მარგარიტას აწამებდნენ და ამახინჯებდნენ საპყრობილეში, თუმცა ის ყოველთვის ცოცხალი ახერხებდა ციხიდან გამოსვლას. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანრი მატისმა ქალიშვილის რამდენიმე პორტრეტი დახატა.

4. ანრი მატისი და პაბლო პიკასო - გასულ საუკუნეში შექმნილი ყველაზე დიდი მტრებისა და მეტოქეების ხატი მხოლოდ ილუზია იყო. მტრობის ნაცვლად, ხელოვანებს ერთმანეთთან დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა აკავშირებდათ. მატისი და პიკასო ერთმანეთს 1906 წლის ზამთარში შეხვდნენ, ამერიკელი მწერლისა და კოლექციონერის ჰერტრუდა სტაინის წყალობით. კარიერული აღმავლობის ეპოქაში მხატვრები ყოველთვის აკვირდებოდნენ ერთი-მეორეს და ამ პროცესში ხშირად ერთმანეთის გავლენის ქვეშაც ექცეოდნენ, თუმცა მათ შორის მტრობას და სიძულვილს არ დაუსადგურებია. 

1918 წელს Paul Guillaume-ს გალერეაში მატისმა და პიკასომ საერთო გამოფენაც კი მოაწყვეს, 1946 წელს კი, როდესაც ანრი მძიმედ ავად იყო, პაბლო მას ნიცაში ესტუმრა.

5. „არსებობის შედევრი“ - ასე უწოდა ანრი მატისმა მის მიერ მოხატულ სამლოცველოს, რომელზეც 4 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა, აპროექტებდა ყველა დეტალს, არქიტექტურული ელემენტებიდან კერამიკულამდე და საღვთისმსახურო საგნებიდან სამოსელებამდე. ძალიან დიდხანს მუშაობდა არქიტექტორ ოგიუსტ პერეტთან ერთად და საბოლოოდ პირადი ხელწერით მოხატა The Dominican Chapel of the Rosary, რომელსაც მატისის სამლოცველოსაც უწოდებენ.

მატისის სამლოცველო მხატვრის უკანასკნელი ნამუშევარი გახლავთ.

ზევით