#მუსიკა

„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა“ - The Killers ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის

გაზიარება:

15 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკული ჯგუფი The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის. ინციდენტი უშუალოდ კონცერტის მიმდინარეობის დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე დარბაზიდან მსმენელი აიყვანა, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

 ბრენდან ფლაუერსმა დარბაზს ჰკითხა მისაღები იყო თუ არა, რომ სწორედ ამ ადამიანს დაეკრა ბენდთან ერთად შემდეგი ტრეკი, მსმენელის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, დრამერს უფლება მისცეს სიმღერა შეესრულებინა, რასაც მსმენელის შეძახილები მოჰყვა, მალევე კი აუდიტორიის ნაწილმა საკონცერტო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა. ჩვენს ჯგუფს აქვს მრავალწლიანი ტრადიცია კონცერტზე მოსული მსმენელიდან დრამზე დასაკრავად მოიწვიოს ადამიანები და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანის მიმართ..

გვესმის ისიც, რომ ჩვენს მიერ ნათქვამს – The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი „ძმები და დები“ არიან,  შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდეს. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა. ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე ისევ დავბრუნდებით“, – ნათქვამია The Killers-ის ოფიციალური ბოდიშის ტექსტში.

ოფიციალური განცხადება გავრცელდა Black Sea Arena-ს ფეისბუქ გვერდზეც: „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია,“ – ნათქვამია განცხადების ტექსტში.

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს უკვე გამოეხმაურნენ დასავლური გამოცემები, მათ შორის: The GuardianReuters, Rolling Stones, BBC, Indipendent და სხვები.

The Killers-ის კონცერტი 70 მილიონიანი Starring Georgia-ს ორწლიანი კამპანიის ნაწილი გახლავთ, რომლის ფარგლებშიც საქართველოში კონცერტს ცნობილი შემსრულებლები გამართავენ. შეგახსენებთ, რომ კამპანიის ფარგლებში 31 აგვისტოს Imagine Dragons-ის, 1-ელ ოქტომბერს კი ბრუნო მარსის კონცერტებია დაგეგმილი.

ზევით