Asteroid City - ვეს ანდერსონი მე-11 მხატვრული ფილმით გვიბრუნდება

თანამედროვე კინოს ჯადოქარი სახელად ვეს ანდერსონი, რიგით მე-11 მხატვრულ ფილმზე მუშაობს. Asteroid City დისტრიბუციისთვის Focus Features-მა შეიძინა და ოფიციალური სინოფსისიც გაგვიზიარა:

Asteroid City არის პოეტური მედიტაცია ცხოვრების აზრზე. ის მოგვითხრობს გამოგონილ ამერიკულ ქალაქზე, სადაც მოქმედება 1955 წელს ვითარდება. ქალაქი სამეცნიერო შეჯიბრისთვის, დასვენებისა და მხიარულებისთვის მთელი ქვეყნიდან აერთიანებს სტუმრებს.

ერთი შეხედვით საქმე არაფრით გამორჩეულ, სტანდარტულ სიუჟეტთან გვაქვს, მაგრამ ვეს ანდერსონის სამყაროში ხომ არაფერია ჩვეულებრივი. შესაძლოა, Asteroid City-ს სინოფსისი მშრალი და ბანალური მოგვეჩვენოს, მაგრამ დიდი ამერიკელი რეჟისორისგან, რომლის წარმოსახვაც ყოველთვის ცდება ჩარჩოებს და რაღაც ზღაპრულსა და წარმოუდგენელში გვითრევს, სრულიად სხვა მოლოდინი გვაქვს. წინასწარ ვიცით, რომ ფილმი ვეს ანდერსონისეული ხელწერით მსუბუქი იუმორით, მცირე ინტრიგებით, შესაშური კოსტიუმებითა და რთული ურთიერთობებით იქნება აღსავსე.

რაც შეეხება ანდერსონის რიგით მე-11 ნამუშევრის სამსახიობო შემადგენლობას, ის რეჟისორის რჩეულ მსახიობებთან ერთად, ისეთებთან როგორებიც ტილდა სუინტონი, ჯეისონ შვარცმანი, ედრიენ ბროუდი, უილიამ დეფო და ტონი რევოლორი არიან, ანდერსონის სამყაროში ახალბედა ხელოვანებსაც აერთიანებს, მათ შორის მარგო რობის, ტომ ჰენკს, სტივ ქარელს, ჰონგ ჩაუს, მეთ დილონს, ჰოუპ დევისსა და მაია ჰოუკს.

ასტეროიდი ქალაქი ესპანეთში გასულ წელს გადაიღეს. ფილმის თანაავტორი რომან კოპოლა იყო, რომელიც მანამდე ანდერსონთან ერთად მუშაობდა The Darjeeling Limited, Moonrise Kingdom, Isle Of Dogs და The French Dispatch-ზე.

ვეს ანდერსონმა უკვე იცის რა იქნება მისი მომდევნო პროექტი, 2009 წელს გამოშვებული The Fantastic Mr. Fox-ის შემდეგ, ანდერსონი, როალდ დალის მორიგ ადაპტაციაზე იმუშავებს. The Wonderful Story Of Henry Sugar-ი იქნება Netflix-ის ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ბენედიქტ კამბერბეტჩი, რალფ ფაინსი, დევ პატელი, ბენ კინგსლი და რიჩარდ აიოდე შეასრულებენ.

ზევით