#კინო

BLACK MIRROR მე-6 სეზონით გვიბრუნდება: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

გაზიარება:

ყველასათვის საყვარელი ანთოლოგია Black Mirror ახალი სეზონით ბრუნდება, სიახლე სერიალის ერთგული გულშემატკივრისთვის ცნობილი გასულ ღამეს გავრცელებული თიზერით გახდა. ჩარლი ბრუკერის ბნელი, დისტოპიური სამყარო მე-6 სეზონით ივნისში დაგვიბრუნდება და თუ მის შემქმნელს ვენდობით, წინ ყველაზე მოულოდნელი სანახაობა გველოდება, რომლისთვისაც შოუს შემქმნელმა საკუთარი წესებიც კი დაარღვია.

რთულია ჩარლი ბრუკერის სიტყვებში ეჭვის შეტანა, როდესაც Black Mirror-ის სამსახიობო გუნდს ისეთი დონის ვარსკვლავები ქმნიან, როგორებიც აარონ პოლი, ანჯანა ვასანი, ენი მერფი, ოდენ ტორნტონი, ბენ ბარნსი, კლარა რუგარდი, დენიელ პორტმანი, დენი რამირესი, ჰიმეშ პატელი, ჯონ ჰანა, ჯოშ ჰარტნეტი, სალმა ჰაიეკი და სხვები არიან.

„ყოველთვის ვგრძნობდი, რომ Black Mirror უნდა ასახავდეს ისტორიებს, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და განაგრძობენ ხალხის (და საკუთარი თავის) გაკვირვებას, თორემ სხვაგვარად რა აზრი ექნება მას?“ განაცხადა ბრუკერმა. „ეს უნდა იყოს სერიალი, რომელიც ადვილად არ შეიძლება განისაზღვროს, რომელმაც მუდმივად უნდა განაგრძოს საკუთარი თავის გარდაქმნა“ - დასძინა Black Mirror-ის შემქმნელმა. 

„ასე რომ, ნაწილობრივ გამოწვევად და ნაწილობრივ იმისთვის, რომ ყველაფერი ახალი შემეთავაზებინა, მაყურებლისთვის, განზრახ შევცვალე ზოგიერთი ძირითადი ვარაუდი იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ სერიალისგან. შესაბამისად, ახალ სეზონში კარგად ნაცნობ Black Mirror-თან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ახალი ელემენტებით გაჯერებულ ეპიზოდებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებზეც ვფიცავდი რომ არასდროს გამოვიყენებდი“ - ჩარლი ბრუკერი.

Black Mirror პირველად ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა, სერიალის 2 სეზონი გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლის მე-4 არხზე გადაიცემოდა, სანამ მისი უფლებები Netflix-მა არ შეიძინა. დიდი ბიუჯეტის წყალობით, სტრიმინგ პლატფორმაზე სერიალი ნამდვილ სენსაციად იქცა, მან გასული სეზონების განმავლობაში შემოგვთავაზა ცნობილი ადამიანებით დახუნძლული სერიები და როგორც ჩანს ვარსკვლავების წარდგენას ფართო აუდიტორიისთვის დღემდე განაგრძობს.

ზევით