ცნობილი სცენები, სადაც მსახიობები რეალურ ემოციებს გვაჩვენებენ

ყველა გენიალურ ფილმში შეიძლება იმ მომენტის გამორჩევა, რომელშიც გმირი სამსახიობო ოსტატობის ნამდვილ მასტერკლასს გვაჩვენებს. სიცილი, ტირილი, შიში, იმედგაცრუება, თუ ნებისმიერი სხვა ემოცია, რომელიც ეკრანიდან მოდის, საბოლოოდ მაყურებლის განწყობას და ნამუშევრის წარმატებას განაპირობებს. თუმცა, დიდ კინოში არსებობს მომენტები, როდესაც მსახიობები რეალურ ემოციებს გვაჩვენებენ და თამაში არ სჭიდებათ. TheDiary იმ ცნობილი სცენების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებშიც მსახიობების რეაქცია რეალურია.

PRETTY WOMAN

ყველასათვის საყვარელ, 1990 წლის მელოდრამაში არა ერთი სცენის გამორჩევა შეიძლება, თუმცა Pretty woman-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი სრული იმპროვიზაციაა. როდესაც ედვარდი (რიჩარდ გირი) ვივიენს (ჯულია რობერტსი) ყელსაბამს სთავაზობს, რობერტსს ხელი ყუთისკენ მიაქვს. გირი ჯულიას სრულიად სპონტანურად ეხუმრა და ყუთი სწრაფად დაკეტა. რობერტსის გულიანი კისკისიც მსახიობის ნამდვილი რეაქციაა.

THE SHINING

სტენლი კუბრიკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი დაძაბული, საშიში და შემაძრწუნებელი სცენებითაა სავსე. ჯეკ ნიკოლსონისა და შელი დუვალის ტანდემი კი The shining-ის საერთაშორისო წარმატების გარანტი გახდა. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რა ფასად დაუჯდათ მსახიობებს გენიალური სცენების შექმნა. იმისათვის, რომ ქალის მთავარი როლის შემსრულებლისგან დამაჯერებლად განადგირებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი და შეშინებული გმირი მიეღო, სტენლი კუბრიკი შელი დუვალს გადასაღებ მოედანზე ხშირად ამცირებდა, აკნინებდა მისი თამაშის ხარისხს, უყვიროდა და შეურაწყოფას აყენებდა. ამ ინფორმაციას რეჟისორის ქალიშვილი, ვივიენ კუბრიკიც ადასტურებს:

ის შელის სრულ ტერორში ამყოფებდა, იმისათვის, რომ მისი შიშები ეკრანზე ნათლად ხილვადი ყოფილიყო.

BACK TO THE FUTURE lll

სიქუელის მე-3 ნაწილში მაიკლ ჯეი ფოქსის გმირი დროის მანქანით ქავბოების ეპოქაში ხვდება. ფილმის ერთ-ერთ სცენაში მარტი კოშკიდან უნდა გადმოკიდონ. მსახიობმა გადაწყვიტა, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის კისერზე თოკი ნამდვილად შემოეხვია, უბრალოდ გადაღებისას თავს ხელით გაიმაგრებდა. საბოლოოდ მსახიობმა თავის გამაგრება ვერ მოახერხა და მისი ჩამოხრჩობის კადრი რეალურია. გადამღებ ჯგუფს ბოლომდე სჯეროდა, რომ ფოქსი უბრალოდ ძალიან კარგად თამაშობდა, მანამ, სანამ მსახიობმა 1 წუთიანი უჰაერობის გამო გონება არ დაკარგა.

THE LORD OF THE RINGS: The two towers

ცნობილი ტრილოგიის - The lord of the rings მეორე ნაწილში ვიგო მორტენსენის გმირი - არაგონი ხშირად დაუნდობელი, ბრაზიანი და აგრესიულია. მსახიობმა როლი არაჩვეულებრივად მოირგო, მაგრამ ერთ-ერთ სცენაში ზედმეტი მოუვიდა. ეპიზოდში, სადაც არაგონს ჰგონია, რომ პიპინი და მერი ორკებმა მოკლეს, ის გაცეცხლებული ანარცხებს მიწაზე მუზარადს და მწუხარებისგან ბღავის. სინამდვილეში მსახიობმა მუზარადი ფეხში მოირტყა და 2 თითი მოიტეხა. ასე, რომ მისი ტკივილი სრულიად რეალურია.

THE OFFICE

ტელეშოუში The office ჯენა ფიშერის გმირს - პემს არეული ურთიერთობა აქვს მაიკლთან (სტივ ქარელი). როდესაც მაიკლი პატარა ოფისიდან სამუშაოდ სხვაგან გადადის, პემი მას გულისამაჩუყებელი ტექსტით ემშვიდობება (რომელიც მაყურებელს არ ესმის), მაგრამ მსახიობების ამაღელვებელი ემოციები ნამდვილად სულისშემძვრელია. ჯენა ფიშერი გამოტყდა, რომ ამ სცენაში ემოციები რეალურია, რადგან ის აქ წლების პარტნიორს, სტივ ქარელს ემშვიდობება, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში შოუდან მიდიოდა.

მე სტივს ვემშვიდობებოდი, ვუხსნიდი, როგორ დამაკლდებოდა და რამდენს ნიშნავდა ჩემთვის. ეს იყო რეალური ცრემლები და ნამდვილი დამშვიდობება!

E.T. THE EXTRA-TERRESTRILA

პატარა უსხოპლანეტელის სახლში დაბრუნების ისტორიაზე გულაჩუყებულებს ალბათ ბევრჯერ გვიტირია, მაგრამ, თუ ფილმის შინაარსს გვერდით გადავდებთ, "ითი" არც ისე მიმზიდველ არსებად მოგვეჩვენება. ამავე აზრის გახლდათ პატარა დრიუ ბერიმორი, რომელსაც მისი და ითის პირველი შეხვედრის სცენის გადაღებამდე უცხოპლანეტელის მანეკენი ნანახი არ ჰქონდა. დრიუს კივილი და შეშინებული სახე სრულიად რეალურია. რა თქმა უნდა, მოგვიანებით პატარა მსახიობს თოჯინა შეუყვარდა, რაშიც დიდი როლი ფილმის რეჟისორს - სტივენ სპილბერგს მიუძღვის.

ზევით