Crossroads-ის რეჟისორი: „ეს იყო მოსაყოლი ისტორია ბრიტნიზე და ჩვენ ის მოვყევით”

20 წლის წინ, 2002 წლის 15 თებერვალს, ბრიტნი სპირსის მონაწილეობით ფილმი Crossroads გამოვიდა. სენსაციად ქცეული პოპ მომღერლისთვის ეს სამსახიობო კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ამასთანავე, ფილმის იდეის ავტორიც თავად ბრიტნი გახლდათ. ლაღი, უდარდელი და საოცრად პოპულარული ქერათმიანი გოგო, რომელიც ცდილობდა ფილმის მეშვეობით სამყაროსთვის ეჩვენებინა, რომ ის უკვე ქალად ჩამოყალიბდა და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებდა, სამწუხაროდ, სულაც არ განვითარდა იმ სცენარით, რომელიც ალბათ სპირსს წარმოედგინა.

ფილმის რეჟისორობა თამრა დევისს შესთავაზეს, რომელიც თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი პოპ ვარსკვლავთან მუშაობის იდეით. თამრას მიაჩნდა, რომ განებივრებულ გოგოსთან მუშაობა გაუჭირდებოდა, თუმცა ბრიტნის ერთი შანსი მაინც მისცა და მასთან შეხვედრას დათანხმდა. აქედან დაიწყო პოპ ლეგენდისა და თამრა დევისის თანამშრომლობა, რომელსაც რეჟისორი ახალ ინტერვიუში იხსენებს.

„მას დილის 10 საათზე, რომელიღაც ძვირადღირებული სასტუმროს ლუქს ნომერში უნდა შევხვედროდი. როდესაც კარზე დავაკაკუნე, ის ბრიტნიმ გამიღო, მაისური და საცვალი ეცვა წარწერით Man, I was hammered last night! მაშინ ვიფიქრე ვინ დგას ჩემ წინაშე? ეს ის გოგო არაა რომელიც წარმომედგინა“ - ამბობს თამრა.

მას შემდეგ, რაც დევისმა მომღერალთან ერთად ერთი დღე გაატარა, ის არა მხოლოდ მოიხიბლა ბრიტნი სპირსის პიროვნულობით, არამედ დარწმუნდა, რომ მის წინ მჯდარი გოგონა და ყველაზე პოპულარული პოპ მომღერალი სერიოზულად იყო განწყობილი ფილმის გადაღებისთვის და იმ გამოცდილებისთვის, რომელიც მას ელოდა.

ბრიტნი სპირსის იდეისა და შონდა რაიმსის სცენარის მიხედვით (Grey’s Anatomy-ს დაწყებიდან სატელევიზიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ადამიანი) შექმნილ Crossroads-ზე მუშაობა 2001 წელს დაიწყო. ფილმში მთავარ როლებს სპირსი, ზოი სალდანა და თარინ მენინგი ასრულებდნენ. ისინი ბავშვობის საუკეთესო მეგობრებს განასახიერებდნენ, რომლებიც ახლად გაცნობილ ბენთან (ენსონ მაუნტთან) ერთად ამერიკის გარშემო მოგზაურობას და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ თავგადასავალს მოიწყობენ.

„ვიცოდი, რომ ბრიტნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, იმიჯის [ხელახლა] ჩამოყალიბება იყო“, ამბობს დევისი. „მას აღარ სურდა პატარა გოგოს რეპუტაცია ჰქონოდა. სპირსს ძალიან უნდოდა ფილმის გადაღება, რომელიც შეეხებოდა ისეთ თემას, როგორიც ქალად ჩამოყალიბებაა. ვგრძნობ, რომ ეს მართლაც იყო მოსაყოლი ისტორია და ჩვენ ის მოვყევით”.

სატესტო ჩვენების შემდეგ, Paramount-ის ხელმძღვანელმა, შერი ლენსინგმა სთხოვა დევისს მოეხსნა ის სცენა, სადაც სპირსის პერსონაჟი ლუსი ქალწულობას ეთხოვება. „ეს იყო მთავარი საბაბი, რის გამოც ბრიტნის ამ ფილმის გადაღება სურდა, მე კი ამ სცენარის შეცვლას არ ვაპირებდი”. საბოლოოდ დევისის წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო და მას მიეცა შესაძლებლობა შეენარჩუნებინა ეს მომენტი ფილმში.

თამრა დევისს ძალიან მოსწონდა ბრიტნისთან ერთად მუშაობა და შეძრწუნებული იყო იმ პირადი ცხოვრების სკანდალებით, რომლებიც სპირსს ფილმის გადაღებისას თან სდევდა.

„ვფიქრობ, რაც ფილმის გამოსვლიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ მოხდა, ის თუ როგორ დაინგრა მთელი მისი ცხოვრება, სწორედ მაშინ დაიწყო, გადაღებებისას. ძალიან ძნელი იყო მისი ცხოვრების ნგრევისთვის შორიდან მეყურებინა, ჩვენ ხომ ერთად წარმოუდგენლად კარგი დრო გავატარეთ, დრო, როდესაც მეგონა, რომ ბრიტნი იმ ადამიანად ყალიბდებოდა როგორადაც ყოფნა ძალიან სურდა”.

Crossroads-ის გამოსვლის შემდგომ წლებში, ბრიტნი სპირსის ცხოვრება მართლაც რომ თავდაყირა დადგა: მომღერალი დაშორდა ჯასტინ ტიმბერლეიკს, ორჯერ იქორწინა, შემდეგ კი განქორწინდა, შეეძინა ორი ვაჟი და როდესაც ფიქრობდნენ, რომ შვილების გაჩენა ბრიტნის ცხოვრების ბოლო წლებს უკეთესობისკენ შეცვლიდა, მას ჯერ სარეაბილიტაციო მკურნალობა, მოგვიანებით კი ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდა.

2008 წელს მომღერლის მამა - ჯეიმი სპირსი ადვოკატთან, ენდრიუ უოლეტთან ერთად ბრიტნის ქონების თანა-განმკარგავი გახდა. 2018 წელს უოლეტი თანამდებობიდან გადადგა, ბრიტნის მამა კი გასული წლის ნოემბრამდე, თითქმის 14 წლის განმავლობაში, შვილის ცხოვრების თუ ფინანსების განმკარგველად რჩებოდა. აქტიური სოციალური კამპანიებისა და გამოსვლების შემდეგაც კი, ბრიტნი სპირსმა შეძლო და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი როგორც იქნა დაიბრუნა. მომღერლის მამამ, ჯეიმი სპირსმა ბრიტნის მეურვეობაზე უარი თავად განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ Crossroads-მა დიდ წარმატებას მიაღწია, მსოფლიო მასშტაბით $61 მილიონი გამოიმუშავა და დღემდე რჩება სპირსის ერთგული თაყვანისმცემლებისთვის საყვარელ ფილმად, მისი ნახვა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. Paramount-მა არასოდეს გამოუშვა ფილმი Blu-ray-ზე და ის არც ერთ სტრიმინგ პლატფორმაზე არ არის ხელმისაწვდომი.

თამრა დევისისთვის ეს მოვლენა ჯერ კიდევ ამოუხსნელი რჩება. მართალია, ფილმს საკმაოდ დაბალი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა ის იმ ლამაზი და საყვარელი გოგოს - ბრიტნის ანარეკლი იყო, რომელიც წლებთან ერთად განადგურდა.

ზევით