#კინო

დაგ ჯონსი: ცნობილი მსახიობი, რომელიც გრიმის გარეშე ალბათ არასდროს გინახავთ

გაზიარება:

შესაძლოა არ იცოდეთ მისი სახელი და გვარი, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი ფოტოს ნახვის შემდეგაც კი ვერ ამოიცნოთ, თუმცა დარწმუნებული ვართ, ერთხელ მაინც გექნებათ დაგ ჯონსის მონაწილეობით ფილმი ან სერიალი ნანახი.

დაგ ჯონსი

მსახიობად ქცეული ყოფილი აკრობატის ფილმოგრაფია ისეთ ნამუშევრებს აერთიანებს, როგორებიცაა Batman Returns, Hocus Pocus, Men in Black II, Fantastic Four: Rise of the Silver Surfer და The Watch — ცნობილი ფილმების გვერდითაა სახელგანთქმული სატელევიზიო შოუებიც: Buffy the Vampire Slayer, Falling Skies დაStar Trek: Discovery. და ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ ვერ ვცნობთ ვეტერან მსახიობს? - რადგან, ხშირ შემთხვევაში დაგ ჯონსი ეკრანებზე მრავალფენიანი გრიმისა და მაკიაჟის ქვეშ იმყოფება და ხშირად ეკრანებზე უცხო ქმნილებებსა და მონსტრებს განასახიერებს.

დაგ ჯონსი ფილმში Hellboy

„1985 წელს, ჰოლივუდში მისულს მხოლოდ ერთი რამ მსურდა, სულელი მეზობლის ან მხიარული პერსონაჟის როლი შემესრულებინა. ინდიანაში გავიზარდე, ოთხი ძმიდან ყველაზე უმცროსი ვიყავი, ისინი პოპულარული სპორტსმენები იყვნენ, მე კი გამხდარი სულელი ბავშვი ვიყავი, ტელევიზორში მხიარული ადამიანების ყურებამ მეტად გამიჩინა ინტერესი, რომ მეც მათნაირი გავმხდარიყავი“ - ამბობს დაგი.

გილერმო დელ ტორო, სალი ჰოკინსი და დაგ ჯონსი The Shape Of Water-ის გადასაღებ მოედანზე

ჰოლივუდის ეპოქაში, რომელშიც CGI თანოსი შურისმაძიებლების მთავარ ბოროტმოქმედად გვევლინება, CGI შიმპანზეები კი მაიმუნების პლანეტის მთელ ტრილოგიას ხელმძღვანელობენ, არსებობენ რეჟისორები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელშესახებსა და რეალურს ეთაყვანებიან, რამდენად არარეალური ქმნილებასთანაც არ უნდა ჰქონდეთ საქმე. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ოსკაროსანი გილერმო დელ ტორო, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია, ეკრანებზე ურჩხულების გასაცოცხლებლად ფავორიტ მსახიობთან დაგ ჯონსთან თანამშრომლობს.

დაგ ჯონსი ფილმში Pan's Labyrinth
დაგ ჯონსი ფილმში Pan's Labyrinth

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში დაგი აცხადებს, საშინელებათა ფილმები ყოველთვის აღაფრთოვანებდნენ, თუმცა მასში საკუთარი თავი ვერასდროს წარმოედგინა, სანამ ერთ დღესაც აგენტის დახმარებით საშინელებათა ფილმის ქასთინგზე არ ამოყო თავი.

კადრი ფილმიდან Hocus Pocus

2018 წელს, ოსკარის 13 ნომინაციაზე წარდგენილი და მათგან 4-ში გამარჯვებული სამეცნიერო ფანტასტიკა The Shape of Water, ალბათ, გილერმო დელ ტოროსა და დაგ ჯონსის ყველაზე ცნობილი (რიგით მე-6) თანამშრომლობაა, სწორედ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ გახდა გრიმს მიღმა მსახიობი საზოგადოებისთვის შედარებით ნაცნობი "ამ ფილმის დამსახურებაა ადამიანები ქუჩაში რომ მაჩერებენ და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღებასაც მთხოვენ" - აღნიშნა მსახიობმა. თუმცა, დაგის და გილერმოს კოლაბორაცია სათავეს ბევრად ადრე, 1997 წელს იღებს, Mimic-ში გამოჩენის შემდეგ, დაგი რეჟისორის კიდევ რამდენიმე ფილმში გამოჩნდა, მათ შორის Hellboy-ში, Pan's Labyrinth-სა და Crimson Peak-ში.

დაგ ჯონსი ფილმში Star Trek

შესაძლოა, გილერმო დელ ტორომ დაგ ჯონსი, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მონსტრად აქცია, თუმცა ეს უპირველეს ყოვლისა თავად დაგის დამსახურებაა. უნიკალური ფიზიკური მონაცემების, განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭისა და მოთმინების უდიდესი ფიალის დამსახურებით, დაგ ჯონსს შეუძლია გარდაისახოს ნებისმიერ ზებუნებრივ არსებად და მხოლოდ სხეულის ენით დახმარებით მთელი შოუც მოიპაროს.

ზევით