#მუსიკა

DECODER ელექტრონული მუსიკის დედოფალთან PEGGY GOU-სთან ერთად ბრუნდება

გაზიარება:

პარასკევს, 13 მაისს, ყველა გეგმა გადადეთ და ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ DECODER-თან შესახვედრად მოემზადეთ. ხანგრძლივი, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, გაზაფხულის პირველ სერიას, ყველაზე ხმაურიანი და ამაღელვებელი ფესტივალი, SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს.

DECODER-მა დიდი დაბრუნებისთვის შესაფერისი მუსიკოსი შეარჩია, პარასკევს, მსმენელის წინაშე ელექტრონული მუსიკის გლობალურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი არტისტი PEGGY GOU წარდგება. მუსიკოსის გამოცდილება სამხრეთ კორეაში, ინგლისსა და გერმანიაში, მუსიკისა და მოდის სფეროში მიღებულ ცოდნას ეფუძნება.

საკულტო და ისტორიული მნიშვნელობის კლუბებში ხშირი სტუმრობის შემდეგ, ელექტრონული მუსიკის სცენის გავლენიანი ლეიბლები NINJA TUNE და PHONICA მალევე დაინტერესდნენ ახალი არტისტის ჩანაწერების გამოცემით, ხოლო მსოფლიოს სახელგანთქმული ფესტივალები SÓNAR, PRIMAVERA SOUND, GLASTONBURY მის მუდმივ მასპინძლებად იქცნენ.

ლონდონის მოდის კოლეჯში მიღებულმა ცოდნამ მოდის სფეროს მიმართ მისი ინტერესიც გააცოცხლა და ამ შთაგონებით დააფუძნა საკუთარი ბრენდი KIRIN და ლეიბლი GUDU RECORDS. მუსიკის სხვადასხვა ჟანრებში მოგზაურობა PEGGY GOU-ს დამახასიათებელი ჟღერადობის საფუძველი გახდა და განსაზღვრა მისი ადგილი თანამედროვე სცენაზე.

DECODER-ის ღამეს მასთან ერთად გაუძღვება თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის შთამბეჭდავი ფიგურა ZURKIN, რომლის დიჯეი სეტებიც არაერთხელ გამხდარა აღფრთოვანების საფუძველი. მათთან ერთად წარდგება ივა მიქიაშვილი პროექტით YVES და კიდევ ერთხელ გაგვიმჟღავნებს შთაგონების წყაროებს, რის გამოც ის ადგილობრივი კლუბების ხშირ სტუმრად იქცა.

ღონისძიებისთვის ბილეთების პირველი ორი კალათა უკვე ამოწურულია და ახლა ბოლო, მესამე, კალათის გაყიდვა მიმდინარეობს, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

ზაფხულის განმავლობაში DECODER რეგულარული ღამეების სახით გაიმართება და ელექტრონული სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან ერთად, ვიზუალური ხელოვნების ინტეგრაციით მსმენელს შთამბეჭდავ გამოცდილებას გაუზიარებს.

DECODER 2017 წელს დაფუძნდა და მის ფარგლებში თბილისს ელექტრონული მუსიკის ისეთი დიდი სახელები სტუმრობდნენ, როგორიცაა Richie Hawtin, Amelie Lens, Nicolas Jaar, Ellen Allien, Black Coffee, Mano Le Tough და სხვა.

ზევით