#მხატვრობა

დღეიდან, შეგიძლიათ თანამედროვე სტანდარტების მქონე განახლებულ ეროვნულ გალერეას ესტუმროთ

გაზიარება:

თანამედროვე სტანდარტებით, განახლებული საექსპოზიციო დარბაზებითა და რეაბილიტირებული ინტერიერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დღეს, ორი დიდი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებით გაიხსნება. განახლებულ ეროვნულ გალერეაში სარემონტო სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით 2011 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა.

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული გამოფენისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 20 ნამუშევარი შეირჩა, რომელიც მხატვრის შემოქმედების ფართო ჟანრობრივ დიაპაზონს წარმოაჩენს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ახალ გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო-საინფორმაციო მასალა 3 ენაზე, რაც დღემდე ეროვნულ გალერეას არ ჰქონდა.

რაც შეეხება ირაკლი ფარჯიანის გამოფენას, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირაკლი ფარჯიანის 80 ნამუშევარი, მათ შორის ფერწერა, გრაფიკა და ილუსტრაცია სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი ნაწილი, დაახლოებით 30 ცალი, პირველად იქნება ექსპონირებული. 

ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის გამოფენების სტუმრობა დამთვალიერებლებს 2 ნოემბრიდან  2022 წლის 1-ელ თებერვლამდე შეეძლებათ. ეროვნული გალერეის ერთი დარბაზი მომავალშიც პერმანენტულად დაეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას, რისთვისაც მხატვრის ნამუშევრები პერიოდულად შეიცვლება.

ზევით