#მხატვრობა

„დიალოგის ძიებაში“ - ექსპერიმენტული სახელოვნებო იდეა გალერეა ვერეში

გაზიარება:

15 ივნისს, 20 საათზე, გალერეა ვერე ექსპერიმენტულ სახელოვნებო იდეას - „დიალოგის ძიებაში“ უმასპინძლებს. პროექტი განაზოგადებს მხატვრული გამოსახვის ფორმებს და მხარს უჭერს ორი ხელოვანის - თამუნა მელიქიშვილისა და არჩილ თაბაგარის - შემოქმედებით ძიებებს.

ექსპერიმენტული სახელოვნებო იდეა ეხმიანება სახელოვნებო სივრცეში თანაქმნადობის სურვილს. პროექტი ხელოვნების დიალოგურ შესაძლებლობებს კონკრეტული ავტორების გამოცდილებების საფუძველზე იკვლევს.

თამუნა მელიქიშვილის ძირითადი სამუშაო მედიუმი ფერწერაა, ხოლო არჩილ თაბაგარის სკულპტურა. ექსპერიმენტული ინიციატივით ხელოვანები ირჩევენ ერთმანეთის ნამუშევარს, ცვლიან მედიუმს და ამ პროცესში ქმნიან საკუთარს. ამ პროექტის გაშუქებით რიჩარტ ვიზუალის სურვილია, წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში განწყობის ამაღლებაში. ხელოვანთა დიალოგი განივრცობა შემოქმედებით-ინტერაქტიულ ფორმატში.

აღნიშნული საპროექტო ინიციატივა ხელოვანთა შემოქმედებით პროცესში ურთიერთანამშრომლობის, შემოქმედებითი ფორმების ძიებისა და ხელოვნების რეპრეზენტაციაზე გვაფიქრებს. კოლეგიალური ინტერესის მიღმა, ერთგვარად „სხვისი“ როლის მორგება, გათავისება, გარკვეულწილად მესთან თამაშობრივი პოზიციაა - როდესაც „მე“ ფორმირდება „სხვასთან“ დიალოგით.

ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში, სადაც პანდემიის გამო შექმნილმა დისტანცირებამ, შეზღუდვებმა რეალური ურთიერთობების დეფიციტი და ადამიანური გაუცხოება გაამწვავა. ხელოვნება - კომუნიკაციის ვიზუალური ფორმა სწორედ ამ ემოციური საწყისების ძიებით გვაფიქრებს, ემოციურად განგვაწყობს. ამდენად, თაბაგარის და მელიქიშვილის მხატვრულ პოზიციათა გაცვლითი მიდგომა ცვლილებების ამოუწურავ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

თამუნა მელიქიშვილი (1965)

თამუნა მელიქიშვილის შემოქმედების მთავარი მედიუმი ფერწერაა. მეტაფორული თხრობა და ესთეტური მგრძნობელობა მხატვრის ინდივიდუალური ფიქრისა და ანალიზის შედეგია. მრავალშრიანი ფერადოვანი მონასმები, პირობითი ფიგურები, აბსტრაქტული, „ლილისფერი“ გარემო ხშირად ერთგვარ გაუცხოებას, სევდას, შინაგან კონფლიქტს გამოხატავს.

არჩილ თაბაგარი (1974)

არჩილ თაბაგარის შემოქმედება აერთიანებს ვიზუალური მედიის (რეჟისურა) და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგს: სკულპტურა, დაზგური ფერწერა, გრაფიკა. მის ნამუშევრებში დოკუმენტური სიზუსტე და პოეტური ხედვა ერწყმის ერთმანეთს. თაბაგარი თანამედროვეობაში ხელოვნების მარადიულობის, ესთეტიკურ ღირებულებათა სისტემის ტრადიციულ გამომსახველობას ინდივიდუალური ხელწერითა და დახვეწილი ოსტატობით ავითარებს.

ზევით