#კულტურა #ცნობილები

ელენ დეჯენერესი საკუთარ ტელეშოუს ასრულებს: „ახალი გამოწვევები მჭირდება ცხოვრებაში“

გაზიარება:

19 სეზონის, 30-ზე მეტი „ემის“ ჯილდოს, თავისუფლების მედალის, მილიონობით გულშემატკივრისა და ერთგული თაყვანისმცემლის მიუხედავად, ელენ დეჯენერესმა გადაწყვეტილება მიიღო - ტელეწამყვანი საკუთარ ტელეშოუს The Ellen DeGeneres Show-ს ასრულებს. ამის შესახებ, ელენმა Hollywood Reporter-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

როდესაც შემოქმედებითი ადამიანი ხარ, ყოველთვის ახალ გამოწვევებს ეძებ და როგორი მშვენიერი და სახალისოც არ უნდა ყოფილიყო ეს შოუ, ჩემთვის ის გამოწვევად აღარ ითვლება... დარწმუნებული არ ვარ რისი კეთება მსურს მომავალში, თუმცა ის უდავოდ კინოსთან იქნება დაკავშირებული.

ელენს ტელეშოუს გადაღებების დასრულება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სურდა, შემოქმედებითი საქმიანობის ამ კუთხით ამოწურვისა და სავარაუდო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ტელეწამყვანი 2018 წელს საუბრობდა, თუმცა მაშინ დეჯენერესს გადაწყვეტილება Warner Bros. კომპანიამ გადააფიქრებინა, ახლა კი ყველაფერი რეალურად ხდება.

ელენ დეჯენერესი საოცრად პოპულარულ და გასართობ ტელეშოუს 2022 წელს დაასრულებს. შესაძლოა გვეფიქრა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ტელეწამყვანი The Ellen DeGeneres Show-ს გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ მივიდა, სადაც ელენს, ყოფილმა თანამშრომლებმა რასიზმისა და გადასაღებ მოედანზე არასათანადო მოპყრობის ბრალდებები წაუყენეს. თუმცა დეჯენერესმა ეს მოსაზრება უარყო.

ტელეშოუს ამ მიზეზის გამო რომ ვასრულებდე, მაშინ არც ამ სეზონს გავუძღვებოდი

შესაძლოა, ელენის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები ტელეწამყვანისთვის გადაწყვეტილების მიღების პირდაპირი საბაბი არ გამხდარა, თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ სკანდალმა, 2003 წლიდან მოყოლებული, ყველაზე პოპულარული ტელეშოუს რეიტინგზე იმოქმედა და მისი ვარდნა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ექვს თვეში რეიტინგი 40%-ზე მეტით – 2,6 მილიონი მაყურებლიდან 1,5 მილიონამდე – შემცირდა.

ზევით