#კინო

ემა სტოუნის 10 საუკეთესო კინოროლი

გაზიარება:

კომედია, დრამა, მელოდრამა, ისტორიული, ფანტასტიკა - დაგვისახელეთ ჟანრი, რომელშიც ჩვენი რჩეული ჰოლივუდელი მშვენება ოსკაროსანი ემა სტოუნი უბრალოდ არ ანათებს. ემა სტოუნმა თავი ტელეეკრანებზე გამოჩენის პირველივე წუთებიდან შეგვაყვარა, სხვაგვარად შეუძლებელიც კი იქნებოდა, მისი საშემსრულებლო მანერის, ენერგეტიკის, პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით ემა მალევე იქცა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად, რომლის ფილმოგრაფიაც ლეგენდარული ფილმებით, რეჟისორებითა და კოლეგა-მსახიობებით არის სავსე.

1. LA LA LAND

დამსახურებული იქნება, თუ ემა სტოუნის საუკეთესო კინოროლების სიას, იმ ფილმით დავიწყებთ, რომელმაც მას საუკეთესო ქალი მსახიობის როლის შესრულებისთვის, კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ოსკარი მოუტანა. დამიან შაზელის მიუზიკლში ემა ნამდვილად გასაოცარი საშემსრულებლო ტექნიკით, ქარიზმითა და ნიჭით გამოირჩევა და ის თითოეულ თბილ სიტყვას, დაფასებასა და სიყვარულს იმსახურებს ამ როლით.

2. BIRDMAN

La La Land-ის მსგავსად, Birdman-იც ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის მიერ აღიარებული ფილმი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ემა სტოუნი ბრწყინვალე საშემსრულებლო გუნდთან ერთად მუშაობდა, ემას ნიჭიერება მათ ფონზე არ დაჩრდილულა და მსახიობის გულშემატკივრებისთვის ეს სტოუნის ერთ-ერთი შესანიშნავი ნამუშევარია.

3. CRAZY, STUPID, LOVE

ემა სტოუნისა და რაიან გოსლინგის განუმეორებელი ტანდემის საწყისი და ფილმი, რომელიც ყველაზე ცუდ გუნებაზე მყოფსაც კი გამოგისწორებთ ხასიათს. როდესაც ემას მიერ შესრულებული კომედიური ჟანრის ფილმებზე ვფიქრობთ, შეუძლებელია გონებაში Crazy, Stupid, Love არ ამოგვიტივტივდეს და მისი ხელახლა ნახვის სურვილმა არ გვძლიოს.

4. EASY A

როლი, რომლითაც ემა სტოუნის წარმატებული სამსახიობო კარიერა დაიწყო და მსახიობს შესაძლებლობა მისცა ფილმის მთავარი გმირი გამხდარიყო და ბოლომდე გამოევლინა პროფესიული შესაძლებლობები. EASY A-ში ემა საოცრად მხიარული და გონიერი თინეიჯერია, რომელიც სკოლის ჭორებს საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იყენებს, რაც იმავდროულად უქმნის მას ცუდი რეპუტაციის მქონე გოგოს იმიჯს სკოლაში.

5. THE HELP

კომედიური ჟანრის სრულად ათვისების შემდეგ, ემამ დრამაში გადაინაცვლა წარმატებით და რეზიუმე 2010 წელს გამოსული The Help-ით გაამდიდრა. ბრწყინვალე წიგნის, არანაკლებ კაშკაშა კინოადაპტაციამ ემა სტოუნს დამსახურებული ოვაციები და აღიარება მოუტანა კინოსამყაროში და გზა კიდევ უფრო დიდი წარმატებისკენ გაუკვალა.

6. BATTLE OF THE SEXES

ემას სტივ ქარელთან მუშაობის გამოცდილება ამ ფილმამდეც ჰქონდა, თუმცა Crazy, Stupid, Love-სგან განსხვავებით ამჯერად ისინი არა მამა-შვლს, არამედ დაპირისპირებულ მხარეებს განასახიერებდნენ. ფილმი რეალური მოვლენების შესახებ, კერძოდ კი ჩოგბურთელების ბილი ჯინ კინგისა და ბობი რიგსის დიდ დაპირისპირებაზე გვიამბობს.

7. ZOMBIELAND

კიდევ ერთი კომედიური ჟანრის ფილმი, თუმცა ამჯერად ზომბების, შავი იუმორისა და დიდი რაოდენობით სარკაზმის მონაწილეობით, Zombieland ემა სტოუნის შემოქმედებაში ნამდვილად იქცა ფილმად, რომელიც ამ 10-ეულში ყოფნას იმსახურებს.

8. THE AMAZING SPIDER-MAN

როდესაც კომედია და დრამა ემა სტოუნისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა, მსახიობმა ასპარეზი გააფართოვა და ფანტასტიკის ჟანრში შედგა ფეხი. ენდრიუ გარფილდთან ერთად, ემამ, ლეგენდარული ადამიანი ობობა და მისი რჩეული - გვენ სტეისი განასახიერა, რომელიც მთავარი გმირის კინოისტორიაში ნამდვილად, ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია. 

9. THE FAVOURITE

ბიოგრაფიული კომედიური დრამა აგრეთვე გახლავთ აკადემიის პრიზების რჩეული, ფილმი მე-18 საუკუნის ინგლისის და მისი დედოფლის (ოლივია კოლმანი) და მეგობრის (რეიჩელ ვაისი) ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თავდაყირა ემა სტოუნის პერსონაჟი მსახური გოგო აყენებს. ტრიო აბსოლუტურად იდეალურ ჰარმონიას ქმნის, იუმორით, ტყუილითა და სიხარბით გაჯერებულ ფილმში.

10. CRUELLA

ბოლოსთვის ემა სტოუნის ფილმოგრაფიის უკანასკნელი და ნამდვილად ძალიან ძლიერი ნამუშევარი Cruella შემოვინახეთ. თითოეული ჩვენგანის ბავშვობის ბოროტმოქმედი პერსონაჟის კრუელას ისტორიას ემა დასაწყისიდან, მისი ბავშვობიდან გვიყვება და ერთ გოგოში, ესტელასა და კრუელას დაპირისპირებული მხარეების შესახებ გვიამბობს. რამ განაპირობა კრუელას უპირატესობა და გამარჯვება, როგორ დაიბადა ანიმაციური თუ კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ბოროტმოქმედი პერსონაჟი - ამას ემასთან ერთად შეიტყობთ.

ზევით