ეპიკური Dune-ის მთავარი კოზირი მის ემოციურ სიღრმეში უნდა ვეძებოთ

კოლოსალური ბიუჯეტით, ბრწყინვალე სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდით Dune-ის წარმატება თავიდანვე გარანტირებული იყო. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სამეცნიერო ფანტასტიკა კინოაკადემიის ჯილდოს მთავარ კანდიდატად მოიაზრება. Dune-ს დაუვიწყარს მისი ემოციური სიღრმე ხდის და ეს მარტივი მისაღწევი ნამდვილად არ არის.

პოლ ატრეიდი, სამეცნიერო ფანტასტიკის პროტაგონისტი ერთ-ერთი რჩეულია თანამედროვეთა შორის. მისი თავგადასავალი მხიარული თინეიჯერის მებრძოლად გადაქცევის ცნობილ სიუჟეტს გვთავაზობს, როგორიც ჰარი პოტერისა და ლიუკ სკაიუოკერის მაგალითზე გვინახავს. თუმცა დენი ვილნევმა და ტიმოთი შალამემ პოლის პერსონაჟს ის ეპიკურობა შემატეს, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდებოდა და ამ გზით ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გმირის პროტოტიპიც შექმნეს.

Dune-ის დიდება თავიდანვე მოსალოდნელი იყო. დენი ვილნევი ის იშვიათი რეჟისორია, რომელმაც ზუსტად იცის, რა დონის ფილმი უნდა შექმნას კოლოსალური ბიუჯეტით. თუმცა, ვილნევმა ბეწვის ხიდზე მაინც გაიარა. მის ერთგულ თაყვანისმცემლებს ეჭვი არასდროს შეჰპარვიათ, მაგრამ საქმე ხომ გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ადაპტაციასთან გვქონდა? თუმცა ვილნევმა ყველა წინაღობა დაძლია და ნამდვილად წლის ყველაზე შთამბეჭდავი ეკრანიზაცია შემოგვთავაზა.

ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნი, რომლის მიხედვითაც დენი ვილნევმა ეკრანიზაციის გადაღება გადაწყვიტა, თხრობის მანერით კოლოსალურ მასშტაბზეა მოფენილი. ადამიანები იმპერიალიზმის სურვილით ახლა უკვე კოსმოსში არიან შეპყრობილი და პლანეტების კონტროლისთვის იბრძვიან. პოლ ატრეიდი, რომლის როლსაც ტიმოთი შალამე ასრულებს, ატრეიდების სახლის ახალგაზრდა წარმომადგენელი, მომავალი მმართველი და ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბიჭია, რომელიც ფილმის დასაწყისიდან - დასასრულამდე იმდენად დიდ მეტამორფოზას განიცდის, რომ ფილმის დასასრულს მაყურებელს სრულად ავიწყდება ის გულუბრყვილო პოლი, რომელიც ფილმის დასაწყისში გაიცნო.

ფრენკ ჰერბერტის კოსმოსური იმპერიების, ქვიშის ჭიების, რელიგიური მმართველობისა და პოლიტიკური თამაშების მიღმა ადამიანური გრძნობები იმალება, რომლებიც ამ უცნობ სამყაროში ჩვენთვის ყველაზე ნაცნობია. დენი ვილნევმა ეს ემოციური ბმა არა სწორხაზოვნად, არამედ მრუდეებად წარმოგვიდგინა, რომლებიც ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაჯაჭვული, თუმცა გარკვეულ მომენტებში იმაზე დიდ მასშტაბებს იღებენ, ვიდრე მოველოდით.

Dune-ის სიუჟეტი თავიდან - ბოლომდე დაძაბულია. ატრეიდების ოჯახის პლანეტა არაკისზე გამოჩენის წამიდან ვიცით, რომ წინ დიდი უბედურება გველის, თუმცა წამითაც არ მოველით იმ ზღვა ემოციას, რომელიც ატრეიდების ჰერცოგის, ლეტოს (ოსკარ აიზეკი) გარდაცვალებისას გვეუფლება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დენი ვილნევმა დევიც ლინჩისგან განსხვავებით, რომელმაც წიგნის ეკრანიზაცია 1984 წელს გადაიღო, პირველი წიგნის მხოლოდ პირველი ნაწილი გააცოცხლა. ამით მას თავისუფლებისთვის და შთამბეჭდავი მოქმედებისთვის მეტი ადგილი დარჩა. პერსონაჟების განვითარების არქეტიპის მიღმა, რეჟისორს საშუალება მიეცა მათი ემოციები მთელი  არსებით წარმოეჩინა და ერთ-ერთი დაუვიწყარი ეკრანიზაციაც შემოეთავაზებინა.

ფილმის ვიზუალური ეფექტები საოცარი ოსტატობითაა შესრულებული, დიზაინი შთამბეჭდავია, კოსტიუმები კი უბრალოდ ფანტასტიკური. ამ ყველაფრის ფონზე კი, ოსკაროსანი ლეგენდის, ჰანს ზიმერის მუსიკალური გაფორმება კიდევ უფრო მეტ მუხტსა და ბრწყინვალებას სძენს ფილმს.

ზევით