ექსპოზიცია „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ - მოგზაურობა ანტიკურ ეპოქაში

მზად ხართ გადაინაცვლოთ ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში? - ჩვენ მიგასწავლით გზას დანიშნულების ადგილას მოსახვედრად.

ეროვნულ მუზეუმში მსოფლიო საგანძურის გამოფენა საკმაოდ მნიშვნელოვანი და პატივსაცემი გამოფენათა სერიით გაგრძელდა - „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ვანის შემდე თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოიფინა და მან საზოგადოების ყურადღება ნამდვილად მიიპყრო.

ფერფლად ქცეული ქალაქ პომპეის მდიდრული ცხოვრებისა და ტრაგიკული დასასრულის მიმართ ინტერესი, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად გაიზარდა, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში პომპეის საგანძურმა თავისი სათქმელი უკვე თქვა, ახლა დროა ის ქართველ დამთვალიერებელსაც მოუყვეს წარსულის დიდებაზე.

„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ექსპოზიციაზე, რომელიც 8 ნოემბრამდე გრძელდება, წარმოდგენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშები, აგრეთვე კედლის მხატვრობის ნიმუშები, სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი).

პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.  

აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენა იხილა.

ზევით