#მხატვრობა

3-5 დეკემბერს ტყუპი დების ესთერ და გრეის პიტიურიშვილების პერსონალური გამოფენა მოეწყობა

გაზიარება:

ახალგაზრდა ხელოვანების, ქართული სამხატვრო წრეების ფენომენად წოდებული ვუნდერკინდი ტყუპი დების ესთერ და გრეის პიტიურიშვილების პერსონალური გამოფენა „ბულა კანი“ „არტ გალერეა ვაკეში“ 3-5 დეკემბერს მოეწყობა. 

გამოფენის სათაური „ბულა კანი“ ესთერის და გრეისის ბავშვობის საიდუმლო სიტყვებიდან ერთერთია, რომლებსაც ტყუპი დები ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს იყენებდნენ 3-4 წლის ასაკში. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მათი ნამუშევრებიც, რომლის პრეზენტაციაც შედგება „არტ გალერეა ვაკეში“ 3 ,4 და 5 დეკემბერს.

ისინი არ ელიან, რომ ნამუშევრები სრულყოფილი იქნება, ამიტომ ხატავენ, იმას რასაც ხედავენ, განიცდიან, აღიქვამენ და იკვლევენ სამყაროს საკუთარი თვალსაწიერიდან.

ესთერ და გრეის პიტიურიშვილები დაიბადნენ 2015 წლის 22 სექტემბერს. შინაარსის გადმოსაცემ მასალად დები იყენებენ ტილოს, ქაღალდს, მუყაოს, მელანს, ფანქრებს, ფლომასტერებს, აკრილს, ზეთს, აკვარელს. თითოეული ნამუშევარი კი შეიქმნა თამაშით. ესთერ და გრეის პიტიურიშვილებს საკუთარი სახელოსნო სივრცე Esther and Grace აქვთ, სადაც მათი მთავარი არჩევანი ინტუიციასა და ძიებას ეყრდნობა, სწორედ ამიტომ 6 წლის დების გამოფენის მიზანი არ გახლავთ აკადემიური სივრცის შექმნა, ისინი ცდილობენ ტყუპების ფენომენი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინონ.
გამოფენა გიწვევთ ესთერის და გრეისის სამყაროში, სადაც ბავშვობის მოგონებები ახლა უკვე თქვენთვის ჩნდება; სადაც თქვენ, მაყურებელი შეძლებთ დაინახოთ საკუთარი თავი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებში თუ ისტორიებში და საშუალება გექნებათ
წამიერად დაბრუნდეთ ბავშვობაში.

ზევით