#მუსიკა

EYESTAGE და ZION GARDEN - როგორ შეიქმნა ღამის საოცრებათა ქვეყანა Tbilisi Open Air-ზე

გაზიარება:

მუსიკა რომ სხვადასხვა გემოვნების მსმენელს ერთ სივრცეში აერთიანებს, Tbilisi Open Air-ზე უკეთ ამაში ვერავინ გვარწმუნებს. 2009 წელს, ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის შექმნის დღიდან, Open Air-ის სივრცე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოყვარულთათვის ნავსაყუდლად იქცა, ფესტივალისა და მისი სცენების ზრდასთან ერთად ავტომატურად იზრდებოდა ერთგული მსმენელის რაოდენობაც და 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფესტივალმა ახალი თანამშრომლები შეიძინა ერთი სივრცე დღისა და ღამის ორ განსხვავებულ განზომილებად იქცა.

მუსიკალურ ფესტივალზე ორი პარალელური სამყარო თანაარსებობს და დღეს ყურადღებას ყველაზე ხმაურიანი ღამის ცხოვრებისკენ, მუსიკალური თავგადასავლებისა და მის ორი მთავარი შემოქმედის EYESTAGE-სა და Zion Garden-სკენ მივაპყრობთ.

EYESTAGE

EYESTAGE-ი ელექტრონული მუსიკის და ვიზუალური ხელოვნების სცენაა სადაც მსმენელს შესაძლებლობა აქვს ფესტივალზე, მოისმინოს ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა საინტერესო არტისტი და პარალელურად იხილოს ინსტალაციები.

შექმნის იდეა 2017 წელს სპონტანურად დაიბადა, EYESTAGE-ის მიზანი იმთავითვე პატარა წვლილის შეტანა გახლდათ ადგილობრივი მუსიკის სცენის განვითარებაში. პირველი წელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სცენა მას შემდეგ აღარ გაჩერებულა. როგორც EYESTAGE-ის დამფუძნებელი ქეთა დონაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ამ სცენამ მოახერხა ის, რომ Open Air-ს განსხვავებული მსმენელი შესძინა.

„EYESTAGE-მა თავისი, მუსიკალურად განსხვავებული მსმენელი შესძინა ფესტივალს რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ფესტივალს საკმაოდ მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს, სცენების ჟანრიდან გამომდინარე, ეს უკვე დადებითად აისახება როგორც  ფესტივალზე, ასევე მსმენელზე“ - აცხადებს ქეთა დონაძე.

ქეთას თქმით თითოეული წლევანდელი არტისტი, მათთვის იმთავითვე ჰედლაინერია, თუმცა გამორჩეულ ღამეებზე საუბრისას აუცილებლად ახსენებს ტექნოს ერთ-ერთ პიონერ არტისტ Moritz von Oswald-ს, Roman Flugel-ს, Maeve Showcase-ს, Tobias-ს, David August-ს და მრავალ სხვას.

ZION GARDEN

ინდოეთის, კერძოდ კი გოას მუსიკალური ინდუსტრიის გავლენით ლუკა იოსელიანმა და მისმა მეგობარმა - გრინჩმა გადაწყვიტეს, მიღებული გამოცდილება და გოას ტრანსის სტილის შეგრძნება ქართველი მსმენელისთვისაც გაეზიარებინათ. იდეის გაჩენიდან მალევე, პროექტი Open Air-ის ორგანიზატორებს შესთავაზეს, მას შემდეგ რაც ყველაფერი დეტალურად განიხილეს, ლუკამ და გრინჩმა, სწორედ ის ჯადოსნური ხე აღმოაჩინეს Lisi Wonderland-ში, რომელიც ჯერ Pirate bay-ს, 2016 წლიდან კი Zion Garden-ის უნიკალურ ლოკაციად იქცა.

არტისტების სელექციას მხოლოდ ჩვენ არ ვახდენთ, ჩვენ ვატარებთ კვლევებს და ვიზიარებთ მსმენელის მოთხოვნებსა და სურვილებს, მიმაჩნია რომ ეს პროცესი ორ მხრივია და გემოვნებაც ცვალებადი - ლუკა იოსელიანი

სცენამ, მისმა დამფუძნებლებმა და მსმენელებმა ევოლუციის გზა ერთმანეთის კვალდაკვალ გაიარეს, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სივრცე მსმენელისთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ლუკა და გრინჩი კი ჯერ კიდევ გამოუცდელები გახლდნენ, პირველ წელს ამ ადგილს მსმენელმა სრულიად შემთხვევით მიაკვლია, თუმცა წლებთან ერთად Zion Garden განვითარდა, ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობების საფუძველზე კი განვითარების იმ ეტაპს მიაღწიეს, რომლითაც მისი დამფუძნებლები ძალიან ამაყობენ:

„წლევანდელი წელი კი ზუსტად ასახავს განვითარების იმ გზას, რომელიც Zion Garden-მა გაიარა, წელს ჩვენ ველოდებით და მზად ვართ ვუმასპინძლოთ 20 ათასზე მეტ ადამიანს ფესტივალის მსვლელობისას... მიმაჩნია რომ ამაში ლომის წვლილი ზუსტად ჩვენს ფესტივალს და Zion Garden-ის იმ გუნდს მიუძღვის ვინც დაუღალავი შრომით და უდიდესი ენთუზიაზმით, მიუხედავად უამრავი სირთულის თუ გამოწვევისა შეძლო მაინც ბოლომდე შეენარჩუნებინა დასახული მიზნები და მოსულიყო დღემდე.

ყველა არტისტი თავისებურად გამორჩეული ჩვენთვის, მაგრამ წელს მაინც შემიძლია გამოვყო Ajja- ეს არის შვეიცარიული პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში იკავებს ყველა წამყვანი Psy Trance ფესტივალის მთავარ სცენებს, ყველა კონტინენტზე. მისი მოსმენა ყველა ჩვენი სტუმრისთვის და ასევე ჩვენთვის დიდი ზეიმია. არ დაგიმალავთ და რამდენიმე წელია ვცდილობთ მის ჩამოყვანას და წელს ეს გამოგვივიდა, რაც ძალიან გვახარებს“ - ლუკა იოსელიანი.

1-ელი ივნისიდან, ღამის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

ზევით