#მხატვრობა

„ფესტ ი ნოვა 2021“: თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-13 ფესტივალი გაიხსნა

გაზიარება:

„არტ ვილა გარიყულა“ ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-13 ფესტივალს „სახესხვაობას“ წარმოგვიდგენს. კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, წელს გამოფენა სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სულ ცხრა არტისტი შეირჩა, რომელთაგან ექვსი ხელოვანის: სალომე გაგუას, მარი ყალაბეგაშვილის, თამუნა ზარქუას,  გვანცა ჯგუშიას,  ლოლა მაჭარაშვილისა და ნიკა კოპლატაძის ნამუშევრები 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით „მაუდის“ სივრცეში, გამოფენაზე CANILEAVENOW იქნება წარმოდგენილი.

ფესტ ი ნოვა 2021 ეძღვნება პოსტ-პანდემიური სიტუაციის შესწავლას. კვლევის არეალი ფარავს სხვის ფენომენს, როგორც პოსტ-პანდემიური მდგომარეობის მთავარ აგენტს. 

ფესტივალის მთავარი კითხვები შემდეგია: როგორ ვისაუბროთ სხვაობასთან პოსტ-პანდემიურ სამყაროში? რა როლი აქვს საინფორმაციო უდაბნოში სხვის სახეს? და ბოლოს, გვაქვს თუ არა შანსი, რომ სხვას, საკუთარ სხვაობაში გადავაწყდეთ? თუ სხვა საბოლოოდ განცალკევებულია მისი სახე-სხვაობისგან? სხვა სიტყვებით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ, სხვისი დანახვა?

სახე, სრულ იზოლაციაში ავატარად იქცა. მან დაკარგა ყოფნის და არყოფნის იდუმალება. დეპოლარიზირებული, ის გახდა სოციალური იმიჯი, ინფორმაციული გამტარი. პირისპირ წაწყდომა, რომელიც სხვასთან პოლარულ დამოკიდებულებაში მოქცევას გულისხმობდა, სრულ კრიზისში შევიდა. პანდემიის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავები სხვის სახეში, რომელიც ინფორმაციული გლიჩებით, რეგულაციებით, ციფრული რეპროდუქციით, სამყაროს სტატიკური და ფიქსირებული ბრძანებებით არის გადარეცხილი.

გამოფენის მეორე ნაწილის ხილვის საშუალება დამთვალიერებლებს ორბელიანების სასახლეში 14 დეკემბრიდან - 22 დეკემბრის ჩათვლით ექნებათ. ფრანგული პავილიონის მხატვრებად ჟულიეტ ჯორჯი და როდრიგ დე ფერლუკი მოგვევლინებიან, კურატორის მოვალეობას კი ჟულია მაღშო შეასრულებს.

ზევით