#მხატვრობა

„გალერეა შარდენი“ ვერა ფაღავას პერსონალურ გამოფენაზე გვეპატიჟება

გაზიარება:

„პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას, ხალხი უფრო პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს“ - ჟან ბიუშე.

საფრანგეთში, 1944 წლის ერთი მშვენიერი დღე იქნებოდა, როდესაც გალერისტ ჟან ბიუშეს ჩანაფიქრმა ხელშესახებ რეალობად გარდაქმნა დაიწყო. პიკასოს ცოლის დორა მაარის გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს აბსტრაქტული მონახაზების წონასწორობა, მათი სიმსუბუქე და ჰაეროვნება, რომლის მიღმაც ბიუშეს რჩეული და ფავორიტი გოგო - ქართველი ემიგრანტი ქალი მხატვარი ვერა ფაღავა იდგა. 

ვერა ფაღავა

ქართველმა საზოგადოებამ ფენომენი სახელად ვერა ფაღავა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გაისიგრძეგანა, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც შეეძლო. ემიგრაციაში შექმნილი აბსტრაქტული ესთეტიკის ნიმუშების პერსონალური გამოფენა ქართველმა ხალხმა ვერას, მხოლოდ 2012 წელს მოუწყო, მისი გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ. თუმცა ეს ჭეშმარიტად მიეკუთვნება იმ შემთხვევებს, როდესაც გვიან გაკეთებული საქმე, არასდროს უცილობლად სჯობია.

 

16 ნომებრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, გალერეა შარდენი დამთვალიერებლებს კიდევ ერთ მშვენიერ შანსს აძლევს, ქართველი ემიგრანტი მხატვრის, ვერა ფაღავას პერსონალური გამოფენით დატკბეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში, კერძო კოლექციებში დაცული, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევრები.

ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის შემოქმედებას მისი აკადემიური, ფიგურატიული პერიოდიდან მხატვრული ძიებების დასასრულამდე - აბსტრაქციამდე.

ვერა ფაღავას ისტორია

ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა. მამა გიორგი ფაღავა იურისტი იყო, დედა ალექსანდრა ნანეიშვილი კი ლიტერატურის პროფესორი. მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ მაშინდელი თბილისის ინტელექტუალები, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი.... ამ გარემოცვამ, რა თქმა უნდა, ზეგავლენა მოახდინა ვერაზე.

ვერა ფაღავა

ვერა ფაღავა

 

1919 წელს ფაღავების ოჯახი, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაემგზავრა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ გერმანიაში. 1923 წელს კი ისინი საფრანგეთში გადავიდნენ და საბოლოოდ მონტრუჟში დასახლდნენ. როგორც იმდროინდელ ემიგრანტთა უმრავლესობამ, ვერა ფაღავამაც მთელი ცხოვრება პარიზში გაატარა.

1932 -1939 წლებში მხატვარმა განათლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხატვრო სასწავლებელში - რანსონის აკადემიაში მიიღო. სწავლობდა როჯერ ბისიერის სტუდიაში, სადაც შეისწავლა ფერწერა და ფრესკის ტექნიკა.

ვერა ფაღავა

 

ვერა ფაღავა

ქართველი ემიგრანტი მხატვარი - ვერა ფაღავა, საფრანგეთში ხელოვნების მოყვარულებმა 1944 წელს გაიცნეს, როდესაც ცნობილმა ფრანგმა გალერისტმა, ჟან ბიუშემ, მას და პიკასოს მეუღლეს, დორა მაარს, ერთობლივი გამოფენა მოუწყო. სწორედ აქედან დაიწყო ვერა ფაღავას გაცნობა ფართო საზოგადოებამ და მხატვარი მალევე გახდა აღიარებული ევროპულ სახელოვნებო წრეებში. გამოფენამ მაშინვე წარმატებას მიაღწია, მას მრავალი მნიშვნელოვანი მხატვარი ეწვია, მათ შორის პაბლო პიკასო და ჟორჟ ბრაკი.

50 - იანი წლები მეტად წარმატებული გამოდგა მხატვრისთვის. მან გაიცნო კოლექციონერები პიერ და კეტლინ გრანვილები, ასევე ჯოზეფ პიშარი, რომელმაც ვერა ფაღავა Salon d'Art Sacré -ში გამოფინა. ამ პერიოდში ვერა ფაღავა რეგულარულად იფინებოდა Salons de Mai-ს და Réalités Nouvelles-ს გამოფენებზე. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების გალერეებში, მუზეუმებსა და ხელოვნების ბაზრობებზე: შვეიცარიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, გერმანიაში, იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვერა ფაღავა

ვერა ფაღავას აღიარებაზე მეტყველებს 1958 წელს ვატიკანის დაკვეთით, ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისთვის Saint-Siège-ის ეკლესიისთვის ხეზე შესრულებული ფრესკა -„ამაღლება“.

1986 წელს მან შეასრულა ასევე ვიტრაჟებისა და ავეჯის სერია დიჟონის წმინდა ჯოზეფის ეკლესიისთვის. ვერა ფაღავამ საფრანგეთში, ემიგრანტებისთვის რთულად მისაღწევი წარმატება მოიპოვა. 1966 წელს, ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთის პავილიონი ვერა ფაღავას შემოქმედებით იყო წარმოდგენილი.

ვერა ფაღავა

 

1972 წელს, პარიზში, მისი გამოფენით გაიხსნა ქართველი ემიგრანტის, თამარ წულაძის გალერეა “დარიალი”. მხატვარი მთელი ცხოვრების განმავლობაში თანამშრომლობდა ამ გალერეასთან. 1982 და 1983 წლებში მისი ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა გაიმართა დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ბოვეს მუზეუმში, სენ-დენის მუზეუმში და სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

ვერა ფაღავამ მთელი თავისი ცხოვრება გაატარა მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში. ის ცხოვრობდა მონრუჟში, ასევე ქართველ ემიგრანტ მხატვარ, ვანო ენუქიძესთან ერთად, რომელიც მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრიც იყო.

ვერა ფაღავა გარდაიცვალა1988 წლის 25 მარტს, დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ვერა ფაღვა

აღსანიშნავია ის, რომ დღეს მისი ხელოვნება კვლავ აქტუალურია, რაზეც მეტყველებს ბოლო წლებში ორგანიზებული მხატვრის პერსონალური და ჯგუფური გამოფენები.

გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოფენას:

გუგენჰაიმის მუზეუმი, ბილბაო, ესპანეთი (2021 – 2022 წწ),

ქალები აბსტრაქციაში - პომპიდუს ცენტრში (2021 წ),

არტ პარიზი, Galerie Chauvy (2021 წ),

პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი (2021 წ),

Musée cantonal des Beaux-arts, ლოზანა, შვეიცარია (2021წ),

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი - MNAM, პარიზი, საფრანგეთი (2021 წ).

ზევით