#მუსიკა

გიორგი გიგაშვილს რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე მეორე პრემია მიენიჭა

გაზიარება:

22 წლის ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გიორგიმ მოახერხა და 17 ქვეყნის 33 პიანისტს შორის, საუკეთესო სამუელში მოხვდა და მეორე ადგილი მოიპოვა. ქართველი პიანისტი აგრეთვე გახდა რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის მაყურებლის რჩეული და კონკურსის ახალგაზრდა ჟიურის მიერ არჩეული გამარჯვებული, გიორგი გიგაშვილს ისრაელის მშვიდოის პრიზი და ჯილდოც გადაეცა კამერული მუსიკისთვის.

ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, გიორგი გიგაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა:

„სამი რამ:

1. მეორე ადგილი ავიღე.

2. საქართველო ევროპაა!

3. მადლობა ყველას, მართლა ყველას, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, როგორც მიგულშმატკივრეთ მთელი ეს პერიოდი“.

გიორგი გიგაშვილი

2000 წელს, თბილისში დაბადებული გიორგი გიგაშვილი პატარა ასაკიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, თუმცა პიანისტის პროფესიულ კარიერაზე არასდროს უფიქრია. 13 წლის ასაკში, გიორგიმ, მონაწილეობა მიიღო ქართულ The Voice-ში და გამარჯვებაც მოიპოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერი ბავშვების ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში გააგრძელა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რევაზ თავაძის კლასში ჩაირიცხა.

გიორგი გიგაშვილს მუსიკალურ კერპად ყოველთვის ესახებოდა მართა არგერიხი. 2019 წლის აპრილში, გიორგის პიანისტურმა კარიერამ მნიშვნელოვანი სტარტი აიღო, ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე მან პირველი ადგილი დაიკავა. ჟიურის პრეზიდენტის თანამდებობას, არც მეტი არც ნაკლები მართა არგერიხი იკავებდა, მართას გვერდს ნელსონ ფრეირე უმშვენებდა.

პანდემიის პერიოდში, გიორგი იძულებული გახდა საქართველოში დარჩენილიყო. სახლში გამოკეტილმა ელექტრონული მუსიკის წერა დაიწყო და მასში ერთგვარი თავშესაფარი იპოვა.

2021 წელს, გიორგი კლასიკური პიანისტის კარიერას დაუბრუნდა, მან ციურიხში Géza Anda-ს მეთხუთმეტე კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. 2021 წლის სექტემბრიდან გიორგი ნელსონ გოერნერთან სწავლობდა ჟენევაში.

კლასიკური პიანისტის კარიერის პარალელურად, მან მეგობრებთან ერთად შექმნა ელექტრონული და ექსპერიმენტული მუსიკალური ჯგუფი „ცდუნება“.

ზევით