#მხატვრობა

გრეის უივერის ექსპოზიცია „11 ქალი“

გაზიარება:

ფიგურაცია და აბსტრაქცია თანამედროვე ამერიკელი მხატვრის გრეის უივერის ხელწერის განუყოფელი ნაწილია. გრეისის თითოეული ნამუშევარი ხანგრძლივი დაკვირვებისა და ხშირად თანაგრძნობის ნაყოფია, უივერი შეისწავლის ადამიანებს, მათ ბუნებას, ფსიქოლოგიას და მხოლოდ ამის შემდეგ მიუჩენს თითოეულ მათგანს კუთვნილ ადგილს მოლბერტზე.

„საბაბი, რის გამოც ისტორიასა და ბიოლოგიას (მშობლების პროფესიები) ხელოვნება ვარჩიე იყო ის, რომ მსურდა ინტუიციისა და სხვა სახის ინტელექტის შესწავლა“ - გრეის უივერი.

ახალგაზრდა ამერიკელი მხატვრის დაკვირვების ობიექტების უმრავლესობა ქალები არიან, გამომდინარე აქედან გრეისის ნამუშევრებზე ყველაზე ხშირად ვხვდებით ქალებს აბსტრაქციაში. უივერის ნახატებში სხეული სცენად იქცევა, მისი მხიარული, მომხიბვლელი მონახაზები და ფერადი სიბრტყეები მოქმედებენ ისე, როგორც ლინგვისტური ელემენტები.

სერია „11  ქალი“ გრეისმა პანდემიის პერიოდში შექმნა და ამ პერიოდის პოსტაპოკალიფსური განწყობა ქუჩებში, იზოლაციამ, მარტოობამ და გამუდმებულმა შფოთვამ ნამუშევრებზეც დიდი გავლენა იქონია.  ბოლო ორი წლის განმავლობაში, გრეის უივერის ხატვის მანერა მნიშვნელოვნად შეიცვალა, წვრილი ფუნჯიდან მხატვარი მსხვილ ფუნჯზე გადავიდა, რამაც მისი ახალი ექსპოზიცია „11  ქალი“ შექმნა. ექსპრესიულად შესრულებული ზეთის სქელი საღებავებით გრეისმა 11 ნახატზე ასახა 11 ქალი, რომლებიც ყოველდღიურად სასტიკი, საშიში ქუჩის მსხვერპლნი არიან. 

გრეის უივერის ნამუშევრებში საგრძნობლად შეიცვალა ფერთა გამაც, ახლა მხატვარმა უფრო მუქ ფონებსა და პასტელურ ფიგურებზე გააკეთა არჩევანი. გრეისმა უარი თქვა თითოეული დეტალის დაგეგმვაზე და მთლიანად მიჰყვა იმპროვიზაციას, მხატვარმა უფლება მისცა პატარა დეტალებსა და ლაქებს დაეკავებინათ ადგილი იქ სადაც მოესურვებოდათ. 

ზევით