#კინო

GROUND CONTROL: ლუკა ჩიქოვანი მოკლემეტრაჟიან ფილმში დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

გაზიარება:

იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, გიადა ჩეოტოს მოკლემეტრაჟიან ფილმში როკმუსიკის „ქამელეონად“ წოდებული არტისტის დევიდ ბოუის როლს შეასრულებს, სიახლე ლუკამ, საკუთარ Instagram გვერდზე პირადად გააზიარა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დიდებული როკვარსკვლავისა და გენიოსის განსახიერება. მე უბრალოდ მიჯაჭული ვარ დევიდ ბოუის ფიგურასთან, ის ყოველთვის შთამაგონებდა კომუნიკაციის ენების შესახებ მისი ახალი კვლევების თუ შინაგანი სამყაროს მისტიკური და გონებრივი გზით გათავისუფლების მცდელობებით“ - დაწერა ლუკა ჩიქოვანმა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით Ground Control, შთაგონებულია საკულტო დევიდ ბოუის ცხოვრებით, განსაკუთრებით კი მისი ალტერ ეგოს ზიგი სტარდუსტის ესთეტიკით. ფილმის სიუჟეტი, როკვარსკვლავის შინაგან სამყაროში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, მას სურს გაიგოს ვინ არის სინამდვილეში, იმ ნიღბის გარეშე, რომელსაც სახლიდან გასვლამდე ირგებს, ვინ არის დევიდ ბოუი მაშინ, როდესაც იგი მარტოა? - ამ კითხვაზე პასუხს, მომღერალი მხოლოდ ნამდვილ გონებრივ მოგზაურობაში აღმოჩენისას გაიგებს და მაშინ, როდესაც ის კოსმოსური ხომალდის სახლს მიადგება, ყველაფერს ნათელი მოეფინება - ვკითხულობთ სინოფსისში.

ლუკა ჩიქოვანი თბილისში, 1994 წელს დაიბადა, მოგვიანებით კი ის იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და YouTube-ზე გამოქვეყნებული ჯასტინ ბიბერის, One Direction-ის და შონ მენდესის სიმღერის ქავერების შესრულებით გახდა სუპერ პოპულარული. 2016 წელს მან ხელი მოაწერა Universal Music Italia-სთან და სადებიუტო ალბომი Start გამოუშვა. 

ბოლო წლების განმავლობაში ლუკას ძირითადი საქმიანობის სფერო მუსიკა გახლდათ, თუმცა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. ის ჯიმ ქერის დიდი თაყვანისმცემელი იყო და ყოველთვის ცდილობდა მისთვის მიებაძა. დღეისთვის ლუკას კარიერაში უკვე რამდენიმე ფილმია, მათ შორის Happy as Lazzaro (2018 წ.), Revenge Room (2020 წ.) და  House of Gucci (2021 წ.). 

ზევით