#დეკორი

გუდიაშვილის განახლებული მოედანი - გადარჩენილი ძველი თბილისი

გაზიარება:

ერთადერთი უბანი დედაქალაქში, რომელმაც დღევანდელობამდე პირვანდელი სახით მოაღწია, თუმცა ხანდაზმულობის გამო ჩვენს დახმარებასაც საჭიროებდა, ერთ სივრცეში თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მდიდარი ისტორიული მონაპოვარი, რომელიც თავის სათქმელს თითოეულ ნაბიჯზე ხმამაღლა ამბობდა - სამოქალაქო პროტესტს უდიდესი ძალა რომ აქვს და მას ცვლილებების მოხდენა ნამდვილად შეუძლია - გუდიაშვილის განახლებული მოედანი თბილისის შუაგულში ამის ერთ-ერთი ნათელი მტკიცებულებაა.

თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო. ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტის - „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი, რომელთა უმრავლესობა უკვე რეაბილიტირებულია, თუმცა სამუშაოები ამ ტერიტორიაზე ჯერაც დარჩენილია.

გუდიაშვილის მოედნის გადარჩენა, მისი რეაბილიტაციისა და გამაგრების გეგმა ერთეული ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში იდგენენ უძველესი უბნის მხარდასაჭერად და რომლებმაც სათქმელი ჯერ ათეულობით, შემდეგ ასეულობით, ბოლოს კი ათასეულობით ადამიანს მიაწოდეს და მომავალ თაობებს ურბანული აქტივიზმის წარმატებული მაგალითი დაუტოვეს.

გუდიაშვილის მოედნის 3-წლიანი რეკონსტრუქციის პროცესში, მე-19 საუკუნეში აგებული სახლების სარდაფებში ბევრად ძველი და საინტერესო არქეოლოგიური ნიმუშები იქნა აღმოჩენილი, რამაც რეკონსტრუქციის პროექტი რამდენჯერმე შეცვალა, სწორედ ამ უძველესი სახლების სიღრმეებში აღმოჩენილი ნივთებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადგილას ოდესღაც კერამიკის სახელოსნო და ღვინის მოვაჭრის სალონი იყო წარმოდგენილი, რომ ამ სახლების კედლები საბჭოთა კავშირის გამოჩენამდე ულამაზეს გუდიაშვილის ყვავილებით იყო მოხატული და გალამაზებული.

ზევით