#მუსიკა

2022 წლის Tbilisi Open Air-ის ჰაილაითები - ანუ რა დაგვამახსოვრდება ამ 3 დღიდან

გაზიარება:

იყო და არა იყო რა... რატომღაც, ყოველთვის ასე ხდება, დიდხანს, ძალიან დიდხანს ელოდები, ნაადრევად, კვირებით ადრე იწყებ მზადებას, საოცრებათა ქვეყანაში შებიჯებამდე წუთებს ითვლი და მერე 3 სრული დღე ისე მიჰყვება ერთმანეთს, იმდენად ირევა ერთმანეთში და ისე მალე სრულდება, გააზრებასაც რომ ვერ ასწრებ. ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართული დღეების მიუხედავად, როდესაც ფრაგმენტებზე ვიწყებთ საუბარს, განვლილი დღეები ამ პერფორმანსში ფორმასა და სტრუქტურას იძენენ და იმ მოგონებებად ყალიბდებიან 2022 წლის Tbilisi Open Air-დან ყველაზე მძაფრად რომ დაგვამახსოვრდება.

მუსიკალური ფესტივალის პირველი და მეორე დღეები თქვენთან ერთად გავიარეთ, მოვინიშნეთ და დიდი სიამოვნებით მიმოვიხილეთ, ახლა კი მესამე და დასკვნით დღეზე მიდგა ჯერი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Open Air-ის კულმინაციად უკრაინული როკ ბენდის Okean Elzy-ის გამოსვლა იქცა, რომელიც ემოციებით იყო დახუნძლული.

რუსეთ-უკრაინის ომის გამოცხადების შემდეგ, ეს კონცერტი Okean Elzy-სთვის პირველი გახლდათ, სწორედ ამიტომ მასში ბენდის წევრებმა სული და გული ჩადეს. გასულ ღამეს, Tbilisi Open Air-ის მთავარი სცენიდან ისმოდა როგორც მადლიერება, ასევე უსამართლობის გრძნობით გამოწვეული ტკივილი და ყველაზე მთავარი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის იმედის მომცემი ჰანგები უკეთესი მომავლისა.

გუშინდელი საღამო ბენდთან ერთად მსმენელმაც შექმნა, უკუკავშირი საოცრად ამაღელვებელი გახლდათ, სცენასთან შეკრებილი ადამიანებისგან უკრაინის მხარდამჭერი შეძახილები ისმოდა, ყველგან ლურჯ-ყვითელი დროშები ფრიალებდა

იმ ფესტივალისთვის, რომლის სლოგანიც დაარსების დღიდან თავისუფლებასთან ასოცირდება, Okean Elzy უდავოდ იყო წლევანდელი მუსიკალური დღესასწაულის სიმბოლო. თუმცა, უკრაინელი ერის მხარდასაჭერად ფესტივალის ორგანიზატორებმა ამაზე მეტიც გააკეთეს, როგორც დაანონსებული იყო, Tbilisi Open Air-ის გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკვე გადარიცხულია უკრაინის ფონდში, ფესტივალის ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური სივრციდან შემოსული თანხა კი სულ მალე გადაერიცხებათ უკრაინელებს.

ფესტივალის ჰაილაითებზე საუბრისას სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ Open Air-ის დიდ ეკრანებზე გამოჩენილი The Diary-ს ვიდეორგოლი, რომელიც ჩვენს ახლად გამოჩეკილ თანამშრომლობას უსვამდა ხაზს.

წლევანდელი TOA-დან ალბათ ის აჟიოტაჟიც დაგვამახსოვრდება, რაც ფესტივალის გახსნის დღეს პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას მოჰყვა, რომლის გამოც ორგანიზატორებს ფესტივალის რამდენიმე საათით გადაწევას სთხოვდნენ, თუმცა ფესტიალის აქტიურმა სტუმრებმა კარგად იციან რას ნიშნავს მისი ორგანიზება, არტისტებთან შეთანხმება, ზუსტი line up-ის გაწერა და მოკლედ, ის დელიკატური პროცესი, რასაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზება ჰქვია. ამიტომ, ყველა, ვინც შინ ევროპისკენ იარა, ზემოთ - ლისის საოცრებათა ქვეყანას ოდნავ მოგვიანებით და მომდევნო 2 დღით შემოუერთდა.

3 წლის შემდეგ ნოსტალგიური იყო Rhye-სთან შეხვედრაც, რადგან იქ სცენის წინ მდგომებმა ნათლად გავაანალიზეთ, თუ რამდენი რამ გადავიტანეთ და გამოვიარეთ, 2019 წელს, მათთან უკანასკნელი შეხვედრიდან - დღემდე.

პარადოქსულია დღეს რომ მზემ გამოანათა გასული 3 დღე კი იმ უამინდობაში სითბოსა და მზის სხივების მოლოდინში გავატარეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, Tbilisi Open Air 2022 შედგა და ამაში წვლილი როგორც უცხოელ, ასევე ქართველ შემსრულებლებსაც მიუძღვით.

ჩვენთვის პირად აღმოჩენად ქართული ინდი როკ/არტ როკის თბილისური კოლექტივი Bedford Falls და მათი გამორჩეული შემოქმედება იქცა.

Tbilisi Open Air 2022-ის დაუვიწყარ გამოსვლებს შორის, რასაკვირველია, ვახსენებთ Cigarettes After Sex-ს, რომლებმაც პირველ დღეს სიყვარულის, რომანტიკისა და მცირე მელანქოლიის ზეიმი მოგვიწყვეს ათიათასობით ადამიანს და მეორე დღის გმირებს Alt-J-ის, რომლებმაც თავიანთი დახვეწილობით, ენერგიულობითა და მრავალფეროვნებით სრულად მოგვნუსხეს.

რაც შეეხება ლოკაციას: Lisi wonderland ყოველწლიურად იხვეწება და სულ უფრო და უფრო ემსგავსება ბავშვობაში ნანატრ "უცხოურ" ფესტივალებს. ალბათ Open Air-ის მრავალწლიანმა მცდელობამ ჩვენც გაგვათავისუფლა და თავად ორგანიზატორებიც. სწორედ ამიტომ მოვედით ძველი იპოდრომის ექსპერიმენტული სცენიდან დღემდე: საოცრებათა მიწამდე, რომელიც ყველა გენდერის, მუსიკალური გემოვნების, მრწამსის, ვიზუალის, თუ მიზნების თავისუფალ ადამიანებს იტევს.

3 წლის შემდეგ, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ათიათასობით ადამიანის ხილვა, იმ ადამიანებისა, რომლებსაც უმთავრესი ღირებულება - თავისუფლება აერთიანებთ, ნამდვილად იყო დიდი დღესასწაული.

და თქვენ რა დაგამახსოვრდებათ წლევანდელი ფესტივალიდან ყველაზე მძაფრად? 

ზევით