Imagine Dragons, The Killers, FKJ: მუსიკოსები, რომლებიც აგვისტოში საქართველოში კონცერტს გამართავენ

Black Sea Arena-მ მასშტაბური კამპანია Starring Georgia და მასთან ერთად ძალიან ცხელი, ღონისძიებებით დახუნძლული აგვისტო დაგვიანონსა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი არტისტები: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic-ს და სხვა მუსიკოსებს უმასპინძლებს.

კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის პოპულარული არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

Nile Rodgers & Chic / 5 აგვისტო / Black Sea Arena/Front Stage

4 გრემის მფლობელი, დისკო მოძრაობის პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური პროდიუსერი Black Sea Arena-ს 5 აგვისტოს ეწვევა. 70-იან წლებში დაფუძნებულ ბენდ Chic-თან ერთად, Nile Rodgers-მა ისეთი საკულტო კომპოზიციები შექმნა, როგორებიცაა: Le Freak, I Want Your Love, Everybody Dance, Good Times და სხვა. ბენდი Front Stage-ზე სწორედ ამ ყველა თაობისთვის საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებს და სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მაგიურია მუსიკის ძალა.

FKJ / 6 აგვისტო / Black Sea Arena/Front Stage

ფრანგი მუსიკოსი და მულტი-ინსტრუმენტალისტი Black Sea Arena/Front Stage-ზე 6 აგვისტოს წარდგება. ბრიტანული როკ-მუსიკის, ჯაზისა და ფიუჟენის გავლენით შექმნილი კომპოზიციებით არტისტი ხშირად ყოფილა სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის სტუმარი, თუმცა მისი განსაკუთრებული ჟღერადობის მოსმენას ქართველი მსმენელი საქართველოში პირველად შეძლებს.

Damian Lazarus / 10 აგვისტო / The Social Space

10 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში, სოციალური სივრცის სცენა თანამედროვე ჰაუს და ტექჰაუს სცენის გამორჩეულ არტისტს - Damian Lazarus - უმასპინძლებს. ელექტრონული მუსიკის გიგანტების სახელად ქცეული ლეიბლი - rosstown Rebels, კონცეპტუალური ფესტივალი - Day Zero და შთამბეჭდავი დისკოგრაფია იმ მიზეზებს შორის არის, რის გამოც ლონდონში დაბადებულ არტისტს ჯადოქრის მეტსახელით იცნობენ. ქართველ მსმენელს Damian Lazarus-ის მოსმენა პირველად შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში შეეძლება.

The Killers / 15 აგვისტო /Black Sea Arena

ბევრი თაობის საყვარელ ბენდს Black Sea Arena-ს სცენა 15 აგვისტოს უმასპინძლებს. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფესტივალების სტუმარია და დღესაც იდეალურად ახერხებს თავისი მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. The Killers საქართველოს პირველად Black Sea Arena-ზე ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.

All Day I Dream / 18 აგვისტო / The Social Space

18 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში, „სოციალური სივრცის“ სცენა უმასპინძლებს ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერიას - All Day I Dream, რომლის ფარგლებშიც, შეკვეთილში Lee Burridge, Roy Rosenfeld, Lost Desert და Tommy Raffa დაუკრავენ.

გამორჩეული სელექტორების და მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის დამსახურებით, All Day I Dream საფესტივალო კულტურის ნამდვილ ფოიერვერკად ითვლება.

Imagine Dragons / 31 აგვისტო / Mikheil Meskhi Stadium

31 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი „Imagine Dragons“ თბილისში ჩამოვა. მილიონობით გაყიდული ალბომისა და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება.

ზევით