#კინო

INVENTING ANNA ნიუ-იორკის ყველაზე დიდი თაღლითი ქალი

გაზიარება:

შონდა რაიმსის ახალი დრამის პრემიერა, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდით, Netflix-ზე 11 თებერვალს გაიმართა. 9 ეპიზოდისგან შექმნილმა მინისერიალმა იდეალური შანსი მოგვცა უქმეები სასიამოვნოდ გაგვეტარებინა და ანა დელვეის ისტორია ერთი ამოსუნთქვით გვენახა. შესაძლოა Inventing Anna-მ ვერ მოხსნას შონდას ყველაზე პოპულარული სერიალების რეკორდები და ამას დიდი ალბათობით ვერც მოახერხებს, თუმცა აღიარება და დადებითი შეფასებები მინისერიალმა დამსახურებულად მიიღო.

Inventing Anna ანა დელვეის (ნამდვილი სახელი ანა სოროკინი) შესახებ მოგვითხრობს, რუსი სტუდენტი გოგოს, რომელიც 5 წლის განმავლობაში ნიუ-იორკის მაღალ საზოგადოებაში ადგილს მდიდარი გერმანელი ოჯახის მემკვიდრის სტატუსით იმკვიდრებდა. მინისერიალის სიუჟეტი 2018 წელს New York-ის ჟურნალისტის, ჯესიკა პრესლერის სტატიის - "როგორ მოატყუა ანა დელვეიმ  წვეულების მოყვარული ნიუ იორკელების" მიხედვით გახლავთ გადაღებული და ის საკმაოდ სკანდალური და ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ამბების შესახებ მოგვითხრობს.

„ანამ ჩაიხედა ნიუ-იორკის სულში და გააცნობიერა, რომ თუ ადამიანებს მბზინავი საგნებით და ფულით ყურადღებას გადაატანინებ, ისინი სხვას ვერაფერს დაინახავენ” - წერდა ჯესიკა პრესლერი სტატიაში.

ანა დელვეი - ნიუ-იორკის ყველაზე დიდი თაღლითი ქალი თუ ამერიკული ოცნების ახალი პორტრეტი? - ანას ისტორიის მთხრობელი არა დელვეი, არამედ მისი საქმის გამომძიებელი ჟურნალისტი (ჯესიკა პრესლერის მიხედვით შექმნილი პერსონაჟი) ვივიენია, რომელიც მთელი ძალით ცდილობს გაერკვეს რა იმალება ანა დელვეის სახელის მიღმა და ამ დიდი გამოძიებით დაკარგული რეპუტაციაც აღიდგინოს. 

ანა დელვეის ისტორია არასანდო მთხრობელთა მეშვეობითაა გადმოცემული. მას შემდეგ, რაც ანას თაღლითობაში ამხელენ და პატიმრობასაც შეუფარდებენ, ვივიენი პირადად სტუმრობს დელვეის და სრულ ისტორიას მისგან ისმენს. ინტერვიუ ერთ დიდ ჯაჭვს წარმოადგენს, რომელსაც ფონად ანას ცხოვრების ფლეშბექები გასდევს. ყოველი ეპიზოდი ანა სოროკინის ცხოვრებაში ახალ პერსონაჟზეა ორიენტირებული და ჩვენც ნელ-ნელა ვიგებთ როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქალი გისოსებს მიღმა.

სერია სერიას მიჰყვება და მაყურებელი აღფრთოვანებული შესცქერის გოგოს, რომელმაც საკუთარი თავისგან სრულიად ახალი პერსონაჟი გამოძერწა. ის დახელოვნებულია ტყუილში და ოსტატურად ირგებს მდიდარი, გათამამებული გოგოს როლს, რომელსაც ყველაფერი აქვს რაც სურს. ანა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობს, მგზავრობს პირადი თვითმფრინავებით, რომელთა საფასური არასდროს გადაუხდია, იცვამს ყველაზე მოდურ სამოსს და აქტიურად ურთიერთობს ბანკებთან სესხის მისაღებად.

მოდური კოსტიუმები, დიდებული საღამოს კაბები, ნიუ-იორკის დეფილეები, უნიკალური ლოკაციები და გლამური Inventing Anna-ს განუყოფელი ნაწილია. ანა დელვეი ცხოვრობს ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ნანატრი ცხოვრებით, რომლის თვითმხილველნი ჩვენც ვხდებით.

ანა დელვეის როლს მინისერიალში ჯულია გარნერი ასრულებს. Emmy-ის ორი ჯილდოს მფლობელმა მსახიობმა შთამბეჭდავი ოსტატურობით მოირგო რამდენიმე აქცენტი, მათ შორის რუსული, ევროპული და შემდეგ უკვე ამერიკული ინგლისური. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ბრწყინვალე შესრულებით გარნერმა შესაძლებელია მესამე ჯილდოსაც გამოკრას ხელი. ჟურნალისტის, ვივიანის როლში კი ანა ჩლამსკი გვევლინება. სერიალში ასევე მონაწილეობენ ლევერნ კოქსი და კეიტი ლოუისი. 

ზევით