#კინო

Inventing Anna: ყველაფერი, რაც ლიმიტირებული სერიალის შესახებ უნდა ვიცოდეთ

გაზიარება:

2018 წელს New York-ის ჟურნალისტმა - ჯესიკა პრესლერმა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ძალიან მალე გახდა რეზონანსული ქალაქისთვის. მასალა იმის შესახებ, თუ "როგორ მოატყუა ანა დელვეიმ  წვეულების მოყვარული ნიუ იორკელები" ანა სოკორინის ისტორიას გვიამბობდა - გოგონასი, რომელსაც რუსული ფესვები ჰქონდა, თუმცა გარემოსთან მარტივად ადაპტირდა და საკუთარი თავის რებრენდინგიც მოაწყო. ანა სოკორინი სულ მალე ანა დელვეიდ იქცა - მდიდარ მემკვიდრედ, რომელმაც თავი ქალაქის ელიტაში დაიმკვიდრა.

ანა დელვეის ცხოვრება ერთ ღამეში ახდენილ ოცნებად იქცა. მიუხედავად ანას პატიმრობისა, ამ თემას არასოდეს დაუკარგავს აქტუალურობა. 3 წლის შემდეგაც კი Netflix და შონდა რაიმსი ახალგაზრდა ქალის ისტორიის მოყოლას ცდილობენ.

სერიალის პრემიერა

ლიმიტირებული სერიალის გადაღებები ჯერაც არ გახლდათ დასრულებული. როდესაც COVID 19-ის პანდემიამ მსოფლიო მოიცვა და კინოინდუსტრიას სერიოზული დარტყმა მიადგა, პრემიერა, რომელიც 2021 წელს უნდა შემდგარიყო, 2022 წლის დასაწყისამდე გადაიდო.

Inventing Anna-ს სინოფსისის თანახმად, სერიალის პროტაგონისტი არა ანა დელვეი, არამედ მისი საქმის გამომძიებელი ჟურნალისტი - ვივიანი იქნება. ქალს ანა დელვეის, ლეგენდარული გერმანელი მემკვიდრის საქმის გამოძიება ევალება, რომელმაც ნიუ-იორკის სოციალური სცენის გულები და საფულეები ერთდროულად დაიპყრო. არის თუ არა ანა ნიუ-იორკის ყველაზე დიდი თაღლითი ქალი, თუ ის უბრალოდ ამერიკული ოცნების ახალი პორტრეტია?

აღმასრულებელი პროდიუსერი

Inventing Anna Netflix-ის იმ ერთ-ერთ პროდუქტთაგანია, რომელზეც შონდა რაიმსი მუშაობს. ამჯერად შონდა აღმასრულებელ პროდიუსერად გვევლინება. ასევე პროდიუსერობას ითავსებს The Devil Wears Prada-ს რეჟისორი დევიდ ფრანკელი.

სამსახიობო კოლექტივი

ჯულია გარნერი, რომელსაც Emmy-ის მეორე ჯილდო სერიალში Ozark შესრულებული როლისთვის ერგო, ლიმიტირებული სერიალის მთავარი გმირის - ანა დელვეის როლს მოირგებს. ვივიანის როლში კი ანა ჩლამსკი გვევლინება. სერიალში ასევე გამოჩნდებიან ლევერნ კოქსი, რომელიც კეისი დიუკის როლს შეასრულებს და კეიტი ლოუისი, რომელიც ანას ერთ-ერთ მეგობარს - რეიჩელ უილიამსს განასახიერებს. 

ზევით