სინათლის მხატვრის - ირაკლი ფარჯიანის გამოფენას ეროვნული გალერეა უმასპინძლებს

კულტურული ღონისძიება რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ: სიხარულით უნდა გაცნობოთ, რომ 2021 წლის 2 ნოემბრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართულ ხელოვნებაში განსაცვიფრებელი ფიგურის, ირაკლი ფარჯიანის გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირაკლი ფარჯიანის 80 ნამუშევარი, მათ შორის ფერწერა, გრაფიკა და ილუსტრაცია სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი ნაწილი, დაახლოებით 30 ცალი, პირველად იქნება ექსპონირებული. 

ირაკლი ფარჯიანი ნიკო ფიროსმანის პრემიის ლაურეატია, ტრადიციული და თანამედროვე კულტურის სისტემების გამაერთიანებელი, სამყაროს შესახებ ფარული ცოდნის მატარებელი, მეტაფიზიკურ ლანდშაფტებში „მოგზაური“, სიკვდილ - სიცოცხლის მარადიული თემის, სიმბოლოების და სიზმრების ინტერპრეტატორი, სინათლის მხატვარი.

ირაკლი ფარჯიანი ქართულ მხატვრობაში აღადგენს რელიგიურ თემას, რაც ფიროსმანის შემდეგ შეწყვეტილი იყო საბჭოთა იდეოლოგიის გამო; მხატვრული და სტილისტური თვალსაზრისით მათი შემოქმედება სრულიად განსხვავებულია, მაგრამ მსგავსია პოზიციით - კულტურის საშუალებით გამოხატონ ჰუმანისტური და ეგზისტენციალური საკითხები.

ზევით