ჯეფ კუნსის შემოქმედებითი ფილოსოფია

გაზიარება:

ზომაში არაბუნებრივად გაზრდილი ორნამენტები, ბავშვის სათამაშოები, სუვენირები - ეს იმ ნივთებისა და დეტალების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჯეფ კუნსის შემოქმედებაში ფიგურირებს. ამ საგნებს არტისტი იმისთვის იყენებს, რომ კომფორტულ, პროვინციულ ცხოვრებასა და გემოვნებაზე აქცენტი გააკეთოს, გააკრიტიკოს თანამედროვე კულტურა, რომელიც კომერციით არის მართული. ის ცნობილი გახდა უზარმაზარი ქანდაკებებითა და კიტჩის სუვენირებით, სათამაშოებით და დეკორატიული ელემენტებით, რომლებიც ბრჭყვიალებს და თვალს ჭრის.

კუნსის ნამუშევრები ერთმანეთში ურევს რეკლამას, კომერციას და პოპ კულტურას, რათა ჩვენი აღქმა ყოველდღიური საგნებისადმი შეცვალოს. ენდი ვარჰოლის მსგავსად, რომელმაც ქემფბელის სუპის ქილები და ბრილოს ყუთები შექმნა, კუნსიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მიწიერ არტეფაქტებს ეძებს და  პოპულარული კულტურის სამყაროს თავის ხელოვნებაში გარდაქმნის.   

კუნსმა ხელოვნებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ პატარა ასაკში გამოიჩინა. მამამისი ინტერიერის დიზაინერი და დეკორატორი იყო. სწორედ მან შეუწყო ხელი ვაჟს ნამუშევრები თავისი დეკორატიული ბიზნესის კვალდაკვალ შოურუმებში გამოეფინა. 12 წლის ჯეფი კლასიკოსების მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშების ასლებს აკეთებდა და მამის კუთნილ ავეჯის მაღაზიაში ყიდიდა. არტისტი აქედანვე მიხვდა, რამხელა როლს თამაშობს ხელოვნებაში კომერცია, ასევე რა დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი თავის რეკლამირებას - ეს ხაზი ჯეფ კუნსს მთელი თავისი კარიერის მანძილზე გაჰყვა.   

ნამუშევრების სიკაშკაშემ, კიტჩმა და სიმდიდრის დემონსტრირებამ კუნსს აღიარება მოუტანა. მის ნამუშევრებში ერთმანეთის საპირისპირო შემზარავობა და მიმზიდველობა, უმანკოება და ავხორცობა საზოგადოებისა და ადამიანური ბუნების სახეს ირეკლავს მთელი თავისი გროტესკული ურთიერთსაპირისპიროობით.    

1980 წელს არტისტმა პირველი გამოფენა გააკეთა. პატარა ზომის სათამაშოების კრებულიდნ მონუმენტურ ნამუშევრებზე გადავიდა, რომელიც ამჟამად აიკონურია. მათ შორის უზარმაზარი ბუშტისმაგვარი ცხოველები არიან, რომლებიც სარკისებური უჟანგავი ფოლადისგან არიან ჩამოსხმულები. ასეთია მაგალითად, 1992 წელს გაკეთებული „ლეკვი“, რომელიც ცოცხალი ყვავილებით არის შემკული და ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის წინ არის დაინსტალირებული.  

 „ვცდილობ ისეთი ნამუშევრები შევქმნა,რომლებიც მნახველებს არ აგრძნობინებს ზემოდან ყურებას, მათ უნდა იგრძნონ, რომ თავად შეუძლიათ მასში მონაწილეობა“- ამბობს არტისტი. 

2019 წელს, მისი ნამუშევარი „კურდღელი“ კრისტის აუქციონზე 91.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ წარმატებით კუნსმა რეკორდი მოხსნა, როგორც ყველაზე ძვირადღირებულმა არტისტმა ცოცხალ ხელოვანებს შორის. 

კუნსის ბევრი ნამუშევარი ზომაში ძალიან დიდია, იგი ზომას და მოცულობას იყენებს იმისთვის, რომ ყოველდღიური საგნები გააუცხოს და სხვა კუთხიდან შეახედოს მნახველს. 

ერთ-ერთ ინტერვიუში არტისტი ამბობს: „მე ვცდილობ შევქმნა ნამუშევრები, რომლებიც დროს უძლებენ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვმუშაობ ფოლადით ის არის, რომ დიდხანს გაძლოს. დიახ, თქვენ მხედველობაში გაქვთ იდეალიზმი, მაგრამ არსებობს რეალობაც. ხშირად ხდება,  ნამუშევარს იძენს ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში დიდად არ მოსწონს ის და უბრალოდ უდევს საწყობში; ალბათ იქ იდება კიდევ 20 წელი. ან ვინმეს, ვისაც მისი ფიზიკურად აღქმა არ შეუძლია და უბრალოდ უნდა, იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ მას ამ ნამუშევრის ყიდვის საშუალება აქვს. ვერაფერს იზამ. ეს ადამიანის განათლებაზეა დამოკიდებული და იმაზე, რომ შენი ხელოვნებით შეგიძლია გაანათლო ადამიანი. მეც ვცდილობ ხალხის განათლებას მატერიალიზმით, ჩემი ნამუშევრების მეშვეობით. ვცდილობ, მათ ნამდვილი ვიზუალური ფუფუნება, მისი ტოქსიკური ვიზული ვაჩვენო“.

ის, რითაც კუნსი ყველაზე ცნობილი გახდა, არის ე.წ. ბანალურობის სერიები, პოპ კულტურისა და ბანალურობის სინთეზი (ბანალურით ნაგულისხმევია საგნები, რომლებიც ჩვეულებრივია, ერთფეროვანი და მოსაწყენი). ბანალურ სერიებში კერამიკული, ფაიფურისა და შეღებილი ხისგან დამზადებული ნამუშევრები შედიოდა. თემატიკა და გამოსახულება პოპ კულტურიდან იყო აღებული და ხშირად ცხოველებიც ფიგურირებდნენ. ბანალური სერიების შესაქმნელად, კუნსი ისეთ მასალებსა და ნივთებს იყენებდა, რომლებიც ძირითადად საშუალო კლასის გემოვნებას ერგებოდა. ასეთი საგნები საზოგადოების საშუალო კლასის წარმომადგენლებში იყო პოპულარული და რეალურად კიტჩია. როგორც მილან კუნდერა იტყოდა, „კიტჩი ნაგვის უარყოფაა“.  თუმცა კუნსი თავისი ნამუშევრების დახასიათებისას კიტჩის ხსენებას ერიდება და მათ უბრალოდ ბანალურს უწოდებს. მაგალითად „ზამთრის დათვები“ (1988), ძალიან ჰგავს იაფფასიან სუვენირს, რომელიც ვიღაცამ მთის კურორტებიდან ჩამოიტანა. „ბურჟუაზიას ვეუბნებოდი, რომ მიიღონ ის, რაც მოსწონთ. არ დააშოროთ საკუთარი თავი თქვენს ნამდვილ არსს, მიიღეთ იგი. არ ეცადოთ მის გაქრობას, რადგან საზოგადოების გარკვეულ საფეხურზე ხართ, ამბიცია გაქვთ და გსურთ მაღალი კლასის წარმომადგენელი გახდეთ“.

ნარინჯისფერი ბუშტის ძაღლი, რომელიც ასევე კრისტის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა, ერთ-ერთია იმ ხუთი სკულპტურიდან, რომლებიც სარკისმაგვარი უჟანგავი ფოლადისგან არის შექმნილი და კაშკაშა შეფერილობა აქვს. გიგანტური, გაბერილი სხეული არეკვლადი ზედაპირით, რომელიც სიმაღლით 3 მეტრზე მეტია და დაახლოებით 10 ტონა მეტალისგან შედგება, გასაოცარ სიმსუბუქის ილუზიას გადმოსცემს. მისი გრანდიოზულობა და სიკაშკაშე მნახველს ატყვევებს, ამავდროულად ბავშვობის მხიარულ, ლაღ, მიამიტურ ასოციაციებს იწვევს.

ეს ნამუშევარი კარგად აჩვენებს კუნსის უნარს, იმ ყოველდღიური და ბანალური საგნებიდან შექმნას შინაარსი და სენსიტიურობა, რომლებიც გარშემო გვაქვს. კუნსმა მისი შექმნა 1990-იან წლებში დაიწყო, მაგრამ იმდენი შრომა დასჭირდა, რომ მასზე მუშაობამ ათ წელზე მეტ ხანს გასტანა. მისი მთავარი ამოცანა 60 ცალი ფოლადის ფრაგმენტისგან მეტალის ქანდაკების სრულყოფილად გლუვი კონტურების შექმნა იყო, რომლებიც ერთმანეთზე მიერთებისას მარტივ, მაგრამ გამოკვეთილ ფორმას მიიღებდა. წლები დასჭირდა ზედაპირზე ფერის სრულყოფილად დადების პროცესსაც. 

გიგანტური ნარინჯისფერი ძაღლის მთელი მიმზიდველობა მის მოხდენილობაში, ძალასა და მატერიალურ სრულყოფილებაშია. კუნსი მას „ტროას ცხენსაც“ უწოდებდა. „ერთი შეხედვით ძალიან ხალისიანი ნამუშევარია; ეს მხოლოდ უბრალო ბუშტია, რომელიც დაბადების დღეზე მოწვეულ კლოუნსაც კი შეუძლია გაბეროს. მაგრამ, ამავდროულად „ტროას ცხენიცაა“. მის სიღრმეში სხვა რაღაცა იმალება: შეიძლება თვითონ ნამუშევრის სექსუალობაც“. მართლაც, ლეგენდის მიხედვით, ბერძნებმა ქალაქ ტროას ასაღებად ხის ცხენი შეაპარეს, ბუშტის ფორმის ძაღლიც ერთი შეხედვით უცოდველობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ რეალურად იგი ესთეტიური და ეგიზსტენციალური სიმბოლოებით არის დატვირთული. კუნსი კაშკაშა ქანდაკებაში სექსუალურ კონოტაციას ხედავს, როგორც სურვილის მეტაფორას. 

მეორეს მხრივ, კუნსი იმედოვნებს, რომ ამ ქანდაკების წარმოჩენით იმ ბავშვს გააღვიძებს, რომელიც ყველა ადამიანშია შემორჩენილი. სოციალური ასპექტი კუნსის შემოქმედებაში მუდამ მნიშვნელოვანი იყო. ბავშვის სამყაროს გამოსახვით, იგი გვიბიძგებს გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრებიდან ის პერიოდი, სანამ საზოგადოების მხრიდან დაწესებული მოლოდინებითა და ღირებულებებით ჩვენს ინდოქტრინიზაციას მოახდენდნენ; როცა მთელი ჩვენი ბედნიერება იმაში მდგომარეობდა, თუ კანფეტს ან ტკბილეულის ყუთს ფოლგის ჭრაჭუნა, ბრჭყვიალა ქაღალდს შემოვხსნიდით. მისი მიზანია, უკან მიგვახედოს და ბავშვობის მომენტები შეგვახსენოს, გულწრფელი სიხარული გამოიწვიოს და იყენებს იმ საშუალებას, რომელიც ჩვენი, ყველას საერთო წარსულის მარტივი პროტოტიპია. 

ჩვენ თავში გვაქვს ჩაბეჭდილი, რომ გაპრიალებული მეტალები სიმდიდრესა და სულიერ გაბრწყინებას უკავშირდება; კუნსი კი შეგნებულად იყენებს ფოლადს, როგორც ამ ფასეულობის ყალბ ანარეკლს. ხშირად, თავის ნამუშევრებს მოურიდებლად ადარებდა მდიდრულად მოწყობილ ეკლესიების ინტერიერს, რომელიც თითქოს საზოგადოებას მიანიშნებდა, რომ ზეციურ სასუფეველში იყვნენ. "ეკლესია ბაროკოს სტილს იყენებს მანიპულაციისა და მონუსხვისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, საზოგადოებას სულიერ შეგრძნებას ანიჭებს“. ბუშტის ძაღლების ბრწყინვალებაც იმისთვის არის შექმნილი, რომ მნახველზე მანიპულაცია მოახდინოს და ის სისპეტაკე, გამჭვირვალობაც აქვს, რაც სულიერების ზღვართან არის.

კუნსმა რეალური და ყველასათვის ნაცნობი საგანი ექსტრაორიდნალურსა და არაამქვეყნიურში გარდაქმნა. ანდრე ბრეტონს აქვს ნათქვამი: „როდესაც საგნებს მათი რეალური კონტექსტისგან დავცლით, მათი შეუმჩნეველი ან დამატებითი მნიშვნელობა ცნობიერების ზედაპირზე ამოდის“. ეს ნამუშევარიც ქამელეონის მსგავსია: მისი არეკვლადი ზედაპირი გარემოს მიხედვით კონცეპტუალურად იცვლება და თითოეულ მნახველს მასში სხვა და სხვა გამოსახულების დანახვა შეუძლია. 

კუნსის სტილს ზოგი სიურეალიზმთან აკავშირებს, როდესაც ჩვეულებრივი საგნები უცნაურ და არაორიდნალურ მეტამოფროზას განიცდიან; მაგრამ კუნსის თვითმიზანი სრულებით არ არის მნახველზე ნეგატიურად ზემოქმედება ან ნამუშევრის უცნაურად წარმოჩენა. პირიქით, იგი ხალხის სურვილებს პასუხობს და სიამოვნებას ანიჭებს მათ, ნათელი და კაშკაშა გამოსახულებით თავიდან იცილებს ან ნიღბავს არაცნობიერის ბნელ მხარეებს. 

კუნსის შემოქმედებასა და მარსელ დიუშანის იდეებს შორის პარალელის გავლება შეიძლება. დიუშანის მსგავსად, კუნსიც ხშირად იყენებს ყოველდღიური მოხმარების ნივთებს საკუთარ შემოქმედებაში, მაგალითად მტვერსასრუტებს და კალათბურთის ბურთებს, სუვენირებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში საყოფაცხოვრებო ნივთებით ხელოვნების შექმნას საფუძველი მარსელ დიუშანმა დაუდო, რომელიც კონცეპტუალური ხელოვნების ფუძემდებლად ითვლება. დიუშანი იღებდა ჩვეულებრივ ნივთებს, როგორიც არის ბოთლების დასადები, ნიჩაბი, პისუარი - და მათ უკვე მზა ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევდა, ამ ნივთების არჩევანს კი შემოქმედებით აქტს უწოდებდა. დიუშანი ნივთებს მათზე დაწესებულ ფუნქციურ მნიშვნელობას ართმევდა და გალერეებში ჰფენდა, ამით კი საგნებს ახალ მნიშვნელობას ანიჭებდა. დიუშანის მსგავსად, კუნსმაც საყოველთაო მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები აიღო, რომელიც საშინაო საქმესთან ასოცირდება და იგი ხელოვნებაში წარმოადგინა. ამით ამ საგნის სტატუსი შეცვალა და ჩვეულებრივი მოხმარების ნივთიდან აიკონურად აქცია.  

არტისტის უახლესი ნამუშევრების სერიაა „მაგიური ბურთები“, რომელსაც ის 2012 წლიდან ქმნის და პირდაპირ კავშირშია კანონიკურ ხელოვნებასთან. თითოეულ ნამუშევარს თან ახლავს სარკისებური ლურჯი მინის ბურთი, რომელიც გარემოს ირეკლავს. სერია მხატვრულ, სკულპტურულ და არქიტექტურულ ნამუშევრებს მოიცავს, რათა შეგრძნებები უფრო მრავალფეროვანი გახადოს. როგორც ეს ჯეფ კუნსს ზოგადად სჩვევია, მაგიური ბურთების სერიაც ისევ უბრუნდება ან კავშირშია ნაცნობ, ყოფით სცენებთან, მითოლოგიასთან და ყოველდღიურობასთან, ამასთანავე მნახველებსა და მათ გარშემო არსებულ რეალობას ირეკლავს. 

ზევით