#მხატვრობა

კამილა კლოდელი: სიყვარული, სასწოწარკვეთა და ოგიუსტ როდენი

გაზიარება:

XIX საუკუნის შუა ხანებში ქალებისთვის სახელოვნებო წრეების გარღვევა მარტივი საქმე არ გახლდათ, მეტიც, უდიდესი სირთულე იყო ყოფილიყავი ქალი, თანაც აღიარებული ისეთ საქმეში, სადაც მამაკაცები საუკუნეების განმავლობაში დომინირებდნენ. მეორეს მხრივ, სტერეოტიპთა მსხვრევა და მთავარი ცვლილებები სწორედ ამ საუკუნიდან იწყება და ისეთ პერსონასთან ასოცირდება როგორიც კამილა კლოდელია.

კამილა როზალი კლოდელი ცნობილი ფრანგი მოქანდაკე გახლავთ, რომლის ნამუშევრებმა ბრინჯაოსა და მარმარილოს ფიგურული შესრულებით გაითქვეს სახელი. თუმცა დიდ აღიარებამდე, კამილამ ხანგრძლივი და საკმაოდ რთული გზა გაიარა. 

კამილა კლოდელი ფერე-ან-ტარდენუაში, აინსში, ჩრდილოეთ საფრანგეთში დაიბადა, ლუი-პროსპერ კლოდელისა და ლუიზ-ათანაის სესილ სერვოს ოჯახში. გოგონა მშობლების პირველი საერთო შვილი გახლდათ. კლოდელები საკმაოდ ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, ცნობილია, რომ Villeneuve-sur-Fère-ს მრავალფეროვანმა ლანდშაფტმა კამილაზე იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ზრდასრულ ასაკში ამ პეიზაჟებისგან შთაგონებას ხშირად იღებდა.

5-დან 12 წლამდე კამილას ქრისტიანული დოქტრინის დები ასწავლიდნენ, 12 წლიდან კი გოგონა პირველად დაინტერესდა თიხით, მასთან დაიწყო მუშაობა და ადამიანთა ფიგურებს უდიდესი სიამოვნებით ძერწავდა. მომავალი ლეგენდარული მოქანდაკისა და ხელოვანის ადრეულ ბავშვობაში ყოველთვის იყო სურვილი და მისწრაფება გამხდარიყო ცნობილი ხელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ კამილას ეს სურვილი დედამისს სრულებითაც არ ხიბლავდა, მამა გოგონას ყოველთვის გვერდში ედგა.

მას შემდეგ, რაც ლუი-პროსპერ კლოდელმა კამილას ნახატები მეზობელ მხატვარ ალფრედ ბუშეს აჩვენა, მან კი დამწყები ხელოვანის ნიჭი დაადასტურა, კამილას მამა მისი მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერი გახდა, ალფრედი კი კამილას პირველი მასწავლებელი.

სწორედ მამის დახმარებით და შრომით მოახერხა კამილამ Académie Colarossi-სა და Rue de la Grande Chaumière-ში დასწრებოდა მხატვრობის გაკვეთილებს, იმ დროისთვის პარიზის ყველაზე პრესტიჟული École des Beaux-Arts გოგოებს ჯერ კიდევ არ იყვანდა მოსწავლეებად. ალფრედ ბუშე, კლოდელის ბავშვობის მასწავლებელი, კვირაში ერთხელ სტუმრობდა მოსწავლეს და აფასებდა მის ნამუშევრებს.

კამილა კლოდელის ნატურალისტურმა სტილმა დიდი მოწონება დაიმსახურა École des Beaux-Arts-ის დირექტორის პოლ დიუბუასგან, თუმცა კლოდელის პროფესიული და პირადი ცხოვრების მთავარი შემობრუნება 1882 წელს მოხდა, როდესაც ალფრედ ბუშემ ახალგაზრდა ხელოვანი პარიზიდან იტალიაში წაიყვანა და იქ თავის მეგობართან ცნობილ მოქანდაკე ოგიუსტ როდენთან დატოვა. როდენი ღრმად იყო აღძრული კლოდელის მუშაობით და მალევე დაასაქმა იგი თავის სტუდიაში შეგირდად. როგორც როდენის ერთადერთი სტუდენტი ქალი, კლოდელმა სწრაფად დაამტკიცა თავისი ნიჭის სიღრმე როდენის ნამუშევრებში შეტანილი წვლილით, მათ შორის ჯოჯოხეთის კარიბჭეებში რამდენიმე ფიგურის ხელებისა და ფეხების შექმნით.

თუმცა, კამილასა და ოგიუსტის ურთიერთობა მალევე გასცდა მასწავლებლისა და შეგირდის ურთიერთობას და ვნებიან სიყვარულში გადაიზარდა, რომელმაც კლოდელის ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ორი ხელოვანის სიყვარულის ისტორიამ წლების განმავლობაში არაერთი განსხვავებული ინტერპრეტაცია ჰპოვა, თუმცა რეალობა მხოლოდ ერთი იყო - ოგიუსტს უყვარდა კამილა, მაგრამ არასდროს მიუტოვებია მეუღლე როუზ ბეურე.

კამილა კლოდელის ცხოვრებაზე საუბრისას, ხშირად მოისმენთ, რომ XIX საუკუნის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქალმა კარიერული ცხოვრება ოგიუსტ როდენის ჩრდილში გაატარა და ეს ნაწილობრივ ასეც გახლავთ. ოგიუსტის გავლენის მიუხედავად, კამილას მხატვრობა მხოლოდ მისი გახლდათ, თუმცა ამის დამტკიცება ძალიან გვიან, კლოდელის გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ მოხერხდა. 

კლოდელის ნაშრომის ანალიზისას მეცნიერი ანჯელა რაიანი ყურადღებას ამახვილებს „გონებისა და სხეულის ერთიანი სუბიექტის“ აღქმაზე კამილას შემოქმედებაში, რომელიც მისი თანამედროვეების სხეულის ენისგან სრულიად განსხვავდებოდა. კამილას ქანდაკებებში ქალები სუბიექტები არიან და არა სექსუალური ობიექტები.

მონუმენტურ Sakountala-ში (1888), რომელიც ასევე ცნობილია როგორც Vertume et Pomone, კლოდელი ასახავს ცნობილი წყვილის სხეულებს ინდუისტური მითების გავლენით. 

კამილას ხელში ზღვარი მასკულინურ და ფემინურ საწყისებს შორის ბუნდოვანი ხდებოდა, მათი სხეულები ერთ მთლიანობას ქმნიდნენ.

კამილას სასიყვარულო სამკუთხედის ქანდაკებას სახელწოდებით L'Âge mûr (1884-1900 წწ.) ხშირად მიაწერენ იმ სიყვარულის ისტორიის დასასრულს, რომელმაც 10 წელს გასტანა და საბოლოოდ 1892 წელს დაესვა წერტილი. როდენის თანადგომის გარეშე კლოდელი სახელოვნებო წრეებში გამეფებული სექსიზმის მსხვერპლი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ის XX საუკუნის დასაწყისში თავდაუზოგავად მუშაობდა, კამილა სულ უფრო და უფრო დაუცველი ხდებოდა. 

ფინანსური პრობლემებით და პარიზული ხელოვნების გარემოს უარყოფით შეწუხებული კლოდელის ქცევა სულ უფრო და უფრო არასტაბილური ხდებოდა. 1906 წლისთვის ის სიბნელეში ცხოვრობდა, დაკონკილი სამოსით დადიოდა და ზედმეტად ბევრს სვამდა. პარანოიდული შეტევებით, რომ როდენი თვალყურს ადევნებდა მის ნამუშევრებს პლაგიატისთვის, კლოდელმა გაანადგურა მისი შემოქმედების უმეტესი ნაწილი და ხელუხლებლად მხოლოდ 90-მდე ნიმუში დატოვა. 1911 წლისთვის კამილა საკუთარ სტუდიაში ჩაჯდა და განმარტოებულად ცხოვრობდა.

კამილას ცხოვრება საბოლოოდ მაშინ დაინგრა, როდესაც 1913 წლის 3 მარტს მისი ყველაზე დიდი საყრდენი - მამა ლუი-პროსპერ კლოდელი გარდაიცვალა. 48 წლის კამილა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, ამ დროიდან მან კატეგორიულად თქვა უარი როგორც ხატვაზე, ასევე თიხასთან ურთიერთობაზე. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კლოდელის ექიმებმა მის გათავისუფლებას ურჩიეს. თუმცა, მისი ძმა და დედა დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენილიყო.

ათწლეულები კამილამ მარტოობაში გაატარა, ძმა მას სულ რამდენჯერმე ესტუმრა, დედამ კი ქალიშვილის მონახულებაზე უარი განაცხადა, 78 წლის ასაკში, კამილა კლოდელი 1943 წლის 19 ოქტომბერს მონდევერგში გარდაიცვალა. მისი ნეშტი საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებულ უსახელო კომუნალურ საფლავში დაკრძალეს, სადაც დღემდე რჩება.

გარდაცვალებიდან თითქმის სამოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, კლოდელმა კუთვნილი აღიარება 2017 წლის მარტში ნოჟენტ-სურ-სენში, კლოდელის მუზეუმის გახსნით მიიღო. მუზეუმში, წარმოდგენილია კლოდელის 40-მდე ნამუშევარი, ისევე როგორც მისი თანამედროვეებისა და მენტორების ნამუშევრები.

ზევით