#მხატვრობა

კიევის მახლობლად მარია პრიმაჩენკოს უნიკალური ნამუშევრების მუზეუმი დაიწვა

გაზიარება:

უკრაინაში, რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ, არაერთი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი განადგურდა. უდიდესი კულტურული ზიანის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუწყებოდა, რომ კიევის ჩრდილო-დასავლეთით სოფელ ივანკოვში, დიდი დაპირისპირების შემდეგ ისტორიის მუზეუმი და მასთან ერთად ცნობილი უკრაინელი მხატვრის, მარია პრიმაჩენკოს უნიკალური ნამუშევრები განადგურდა.

ხანძრის შედეგად ივანკოვის ისტორიის მუზეუმში, მარია პრიმაჩენკოს უნიკალური 25 ნამუშევარი დაზიანდა. საბედნიეროდ, ნამუშევართა ნაწილი ნაწილობრივ დაზიანდა და ისინი აღდგენას ექვემდებარება.

მარია პრიმაჩენკო (1908–1997) უკრაინელი ფოლკლორული მხატვარი გახლდათ, რომლის ნამუშევრებიც ფერადი ხალხური თემატიკით იყო გამდიდრებული. უკრაინის სახალხო არტისტის გამოფენის ნახვის შემდეგ, თავად ლეგენდარულ პაბლო პიკასოს განუცხადებია: „მე ქედს ვიხრი ამ ბრწყინვალე უკრაინელის მხატვრული სასწაულის წინაშე“. 

ბავშვობაში მარია პოლიომიელიტით დაავადდა და ამ მტკივნეულმა დაავადებამ მომავალი მხატვრის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ახლობლების ინფორმაციით, პრიმაჩენკო მოაზროვნე და ყურადღებიანი ადამიანი გაიზარდა, რომელიც თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარით გამოირჩეოდა, როგორც ბუნების, აგრეთვე ყველა ცოცხალი არსების მიმართ.

მხატვრული მოწოდების საწყისად, მარია ცხოვრებაში ერთ კონკრეტულ დღეს მიიჩნევდა: „ჯერ კიდევ პატარა გოგო ვიყავი და ბატებს ვმწყემსავდი, როცა მათთან ერთად ქვიშიან სანაპიროს მივადექი და მდინარის ნაპირზე ველური ყვავილებით მოფენილი მინდვრები გადავკვეთე, ქვიშაზე წარმოსახვითი ყვავილების ხატვა დავიწყე. მოგვიანებით ჩემი სახლის კედლების მოხატვა გადავწყვიტე, ამის შემდეგ ხატვა არასდროს შემიწყვეტია“.

თემატური კომპოზიციები პრიმაჩენკოს შემოქმედებით მემკვიდრეობაში, განლაგების სირთულისა და ჰარმონიული ბალანსის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. პრიმაჩენკოს ხელოვნების კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა კომპოზიციის მძაფრი გრძნობა, რაც განსაკუთრებით ვლინდება მისი ნამუშევრების ფორმატის არჩევისას: ჰორიზონტალური ფორმატები ყველაზე შესაფერისია აქტუალური და მრავალფიგურიანი კომპოზიციებისთვის, რომლებიც ასახავს თხრობის შემდგომ სცენებს, ხოლო ვერტიკალური ფორმატი გამოიყენება რეპრეზენტატული დეკორატიული კომპოზიციებისთვის.

მარია პრიმაჩენკოს თითქმის ყველა ნამუშევარი სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლით არის გაჟღენთილი, სადაც ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს!

ზევით