#კინო

5 ყველაზე გრაციოზული სასცენო კოსტიუმი კინემატოგრაფიის ისტორიაში

გაზიარება:

კოსტიუმები და კაბები კინემატოგრაფიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, არ აქვს მნიშვნელობა უხმო ფილმს უყურებთ, შავთ-თეთრსა თუ ფერადს, დიდებული სამოსი საკუთარ სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ამბობს და ალბათ, სწორედ მძაფრი ეფექტის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ესა თუ ის სილუეტი მეხსიერებაში სამუდამოდ აღგვებეჭდება და ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ჩვენში. დღეს, სწორედ იმ გრაციოზულ კოსტიუმებზე გესაუბრებით, რომლებიც საკულტო ქმნილებებად, შთაგონების მარადიულ წყაროდ იქცნენ.

1. ჰედი ლამარი

რეჟისორ რობერტ ლეონარდის 1941 წელს გამოსულ Ziegfeld Girl-ში, ერთ-ერთ მთავარ როლს შეუდარებელი სილამაზისა და ნიჭის მფლობელი, ამერიკელი მსახიობი ჰედი ლამარი ასრულებდა. ჰედის ვარსკვლავებით მოჭედილი კოსტიუმი ათწლეულების განმავლობაში შთაგონების წყაროს წარმოადგენდა და ამ თეთრი კაბის ინსპირაციით შექმნილი სილუეტების ხილვა, წითელ ხალიჩაზე დღემდე შესაძლებელია.

2. ჯინ ჰარლოუ

1933 წელს გამოსულ Dinner at Eight-ში ჯინ ჰარლოუს დიდებულება და გრაცია შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. ოდესღაც, ჰოლივუდელმა ლამაზმანმა ფილმში თითოეული გამოჩენით აღგვაფრთოვანა და ამას ფილმის ყოველ ჯერზე ნახვისას აგრძელებს. ჰარლოუს სილამაზის და მისი კაბების ბრწყინვალების აღსაქმელად, გირჩევთ Dinner at Eight-ის ფერადი ფოტოებით დატკბეთ.

3. მერილინ მონრო

There's No Business Like Show Business მერილინ მონროს კიდევ ერთი წარმატებული ფილმი იყო, სადაც მსახიობსა და მუსიკოსს საშუალება მიეცა საკუთარი მუსიკალური და სამსახიობო ნიჭი ერთდროულად გამოეყენებინა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სილამაზეზე და მოხდენილ, დიდებულ კაბებზე, რომელიც მერილინს ფილმში ამშვენებდა.

4. ჯეინ მანსფილდი

1960 წელს ეკრანებზე ტერენს იანგის Too Hot to Handle გამოჩნდა, რომელშიც უმშვენიერესი ჯეინ მანსფილდი მონაწილეობდა. ფილმიდან, ჯეინის არაერთი თვალისმომჭრელი ჩაცმულობის გამორჩევა შეიძლება, თუმცა არაფერი შეედრება მის გამჭვირვალე კოსტიუმს, რომელიც დელიკატურად, მბზინავი თვლებით არის მორთული. შესაძლოა, დღეს წითელ ხალიჩაზე ცნობილი ქალებისგან მსგავსი სტილის სამოსი აღფრთოვანებას იწვევდეს ჩვენში, თუმცა ამ საქმის ნამდვილი პიონერი სწორედ ჯეინ მანსფილდი გახლდათ.

5. ნიკოლ კიდმანი

წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, რომ უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველაზე დახვეწილი მიუზიკლი Moulin Rouge! ეკრანებზე ვიხილეთ და ნიკოლ კიდმანის სილამაზით, გრაციითა და ნიჭიერებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლეთ. ნიკოლის სასცენო კოსტიუმები დღემდე რჩება კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალისმომჭრელ სამოსად. დღეს მათ შორის, მბზინავი კორსეტის კაბა უნდა გამოვარჩიოთ, ღრმა დეკოლტითა და დამხმარე აქსესუარებით.

ზევით