ლევან ჭოლა წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

გაზიარება:

კოტე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, გატარებული 18 წლის შემდეგ, ლევან (ჭოლა) წულაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook გვერდზე გუშინ გამოჩნდა.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლევან წულაძემ სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა.

ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოიცა.

ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე - საზღვარგარეთ.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ლევან წულაძემ, სამინისტროს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით, 2 ოქტომბერს მიმართა, ბრძანება კი 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში.

ლევან წულაძის თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი გამოეხმაურა: „დაწერა განცხადება და წავიდა თეატრიდან სადაც 18 წელი გაატარა... წინ ახალი გზაა და ჩემი აზრით ბევრად საინტერესო და ბევრად მისი ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელობა და ნებისმიერი თანამდებობა... მადლობა კონკრეტულად იმისთვის რომ მქონდა შანსი, საშუალება და უფლება 10 წლის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის ნაწილი ვყოფილიყავი და მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი მრქმეოდა...

 

ახლა ეს უბრალოდ იმიტომ დავწერე რომ ხაზი გამესვა, მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაში თუკი მრავალი ოქროს ასოებით მოჭედილი ფურცელია, რამოდენიმე გვერდი აუცილებლად ჭოლას დაწერილია...

ვიტყოდი უცნაურია ამ ასაკში ყველაფრის მიტოვება და ახლიდან დაწყება მეთქი... მითუმეტეს ახალი თეატრის შექმნა ეს უბრალოდ ახალი ბიზნესი არაა, ეს ცხოვრების ახლიდან დაწყებას ნიშნავს... მაგრამ, ჩვენთვის, სარდაფელებისთვის რთული არაფერია... სულ მალე ნახავთ რამდენი თეატრი იქნება საქართველოში... და ყველა თეატრალური სარდაფის პრინციპზე აწყობილი... გველეშაპის ამბავია რა... ერთი მოსჭრა... ცხრა ამოვიდა“.

ლევან წულაძე 18 წლის განმავლობაში იკავებდა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას. ამავე პოზიციაზე, ჭოლა 2022 წლის 6 მარტს, 4 წლიანი ვადით დაინიშნა, თუმცა მისი მიზნები და ხედვა ახალი თეატრის „სახელოსნო 42-ის“ დაარსებამ შეცვალა. ლევან წულაძის ხელმძღვანელობით, ახალი შემოქმედების კუნძული 25 სექტემბერს, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში,  უილიამ შექსპირის „ოტელოთი“ გაიხსნა

გამორჩეული კონცეფციის სახელოვნებო სივრცე, წერეთლის 114-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და საპრემიერო დღეების ჩავლის შემდეგ, შექსპირის ტრაგედიას თვის ბოლომდე მასპინძლობს. 

ზევით