#კინო

ლილი კოლინზი, ლენა დანჰემის ახალ ფილმში, Polly Pocket-ის როლს შეასრულებს

გაზიარება:

Barbie-ის ფენომენის კვალდაკვალ, ჩვენი ბავშვობის ნოსტალგია კიდევ ერთი live action ფილმში გაცოცხლდება. ლილი კოლინზი, რომელმაც მომხიბვლელი ღიმილითა და გულწრფელობით, Netflix-ის Emily in Paris-ში მაყურებლების გულების დაპყრობა ერთი ნახვით მოახერხა, ამჯერად კინოეკრანებზე ნოსტალგიას გაგვიღვიძებს და ჩვენი ბავშვობის ნაწილის Polly Pocket-ის როლს მოირგებს.

Variety-ის ცნობით, ლილი კოლინზი მთავარი როლის შესრულებასთან ერთად, ფილმის პროდიუსერადაც მოგვევლინება. რეჟისორი და სცენარის ავტორი კი ლენა დანჰემი იქნება, სერიალ Girls-დან. ფილმის შექმნის პროცესში, ასევე ჩართული იქნება საპროდიუსერო კომპანია Good Thing Going, MGM და Mattel.

„ეს ნამდვილი ახდენილი ოცნებაა, ერთი სული მაქვს როდის გადავიტან ამ პაწაწინა სათამაშოებს დიდ ეკრანზე" - განუცხადა კოლიზმა გამოცემას.

Variety-ის ცნობით უკვე არსებობს „დიდი სცენარი", რომლის მიხედვითაც Polly Pocket ეკრანებზე გაცოცხლდება. რობი ბრენერმა, პროდიუსერმა, რომელიც მართავს Mattel Films-ს, Variety-ს განუცხადა, რომ კოლინზთან და დანჰემთან მუშაობა „საოცარი თანამშრომლობა იყო. იმედი მაქვს ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ".

ეკრანიზაციის შესახებ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია, მათ შორის: სხვა მსახიობების ვინაობა, გადაღების დეტალები ან გამოსვლის სავარაუდო თარიღი. მწერლებისა და მსახიობების მიმდინარე გაფიცვების გამო, ახალი ინფორმაციის გაზიარებას, სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება.

ზევით