ლიტერატურული პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდა

ლიტერატურული პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდა

პირველი მთარგმნელობითი კონკურსი მწერალთა სახლის ინიციატივით 2020 წელს გაიმართა, რომლის ჯილდო ოთხ ნომინაციაში გაიცემა. კონკურის გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ:  ლევან ბერძენიშვილი, მანანა მათიაშვილი, მანანა ღარიბაშვილი, დავით კაკაბაძე და თამარ სუხიშვილი. ლიტერატურული პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ პირველი ლაურეატები გახდნენ:

1. სალომე ბენიძე, რუპი კაურის წიგნისთვის „რძე და თაფლი“, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი. რუპი კაური ინდური წარმოშობის კანადელი მწერალია, რომლის სადებიუტო პოეტური კრებული "რძე და თაფლი" 2014 წელს გამოქვეყნდა. ეს წიგნი იშვიათად დახვეწილი და გამორჩეული ფორმის ლექსებს აერთიანებს და ნამდვილად ბესცელერად იქცა. გამოცემიდან ზუსტად ერთ წელიწადში წიგნის 2,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

2. ლალი უნაფქოშვილი, ჟულიენ გრაკის წიგნისთვის „ქალაქის ფორმა“ - საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანი. ჟულიენ გრაკმა, უკანასკნელმა ფრანგმა კლასიკოსმა, „ქალაქის ფორმა“ 1985 წელს, 73 წლის ასაკში გამოაქვეყნა. წიგნი წარმოადგენს ქალაქ ნანტთან დაკავშირებულ მოგონებებისა და შთაბეჭდილებების კოლექციას, რომელიც მწერალს ნანტის კლემანსოს ლიცეუმში სწავლის პერიოდში ჩამოუყალიბდა. პროფესიით გეოგრაფმა, ჟულიენ გრაკმა „ქალაქის ფორმაში“ გეოგრაფიული სიზუსტით აღწერა ნანტი და მთელი მისი რეგიონი, ამასთანავე წარმოგვიდგინა ამ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, და კულტურული ყოფა.

3. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის წიგნისთვის „დაუმარცხებლები“ - საუკეთესო პროზაული თარგმანი. უილიამ ფოლკნერის რომანი ამერიკის სამოქალაქო ომის დროინდელ სამხრეთში მომხდარ უცნაურ ამბებს მოგვითხრობს იმ გაუტეხავ ადამიანთა შესახებ, ვისაც შეიძლება დანებება აიძულო, მაგრამ დამარცხებით მაინც ვერასოდეს დაამარცხებ. საერთო პერსონაჟებითა და სიუჟეტური ხაზით გამთლიანებული შვიდი მოთხრობის გმირთა უმეტესობის პროტოტიპებად მწერ­­­ლი­სა­ვე ოჯახის წევრები იქცნენ. 

4. დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კი ელზა ახვლედიანს გადაეცა, რომელმაც ეს ჯილდო უდაოდ დაიმსახურა. მთარგნელმა თავისი უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა, არამხოლოდ ქართული თარგმანის, არამედ ქართული ორიგინალური მწერლობის შემდგომ განვითარებაზე.  ელზა ახვლედიანის ენას, სხვა ყველაფერთან ერთად, ქართულის სინტაქსურ თავისებურებებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც გამოარჩევს. ელზა ახვლედიანმა თარგმნა მარკესის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ქართულად: „ მარტოობის ასი წელიწადი“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება“ და „პატრიარქის შემოდგომა“.

ზევით