#მუსიკა

ლიზა ჩიმაკაძე: „მგონია, რომ მუსიკა ზუსტად ჩემთან ერთად დაიბადა“

გაზიარება:

The Diary ჩვენი ძვირფასი მკითხველისთვის მრავალმხრივ ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდების გაცნობას განაგრძობს. დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ დღევანდელი დღის გმირს, 23 წლის მუსიკოს ლიზა ჩიმაკაძეს, გოგონას, რომელიც ზუსტად მუსიკასთან ერთად დაიბადა და მთელი ცხოვრება ამ დიდ სიყვარულს დაუკავშირა...

როდის გაჩნდა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში?

როდის გაჩნდა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს, რადგან მგონია, რომ ზუსტად ჩემთან ერთად დაიბადა. როგორც დედა მიყვება, ლაპარაკი მალევე დავიწყე (მას მერე აღარც გავჩერებულვარ) და სიმღერაც მაშინვე მოვაყოლე.

6 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს, სადაც კლასიკურ ოპერას ვმღეროდი. სიმღერაზე ხტუნვა-ხტუნვით კი მივდიოდი, მაგრამ რადგან სხვა სავალდებულო გაკვეთილებზე ჩემი წაყვანა დიდ ორთაბრძოლას მოითხოვდა, ერთ მშვენიერ დღეს დედამ დამისვა და მითხრა, რომ თუ ამ გზას გავყვებოდი საკუთარი თავისთვის რაღაც-რაღაცების დაძალებაც მომიწევდა.

ბევრი არც მიფიქრია ამ გადაწყვეტილებაზე, ყოველთვის ვიცოდი, რომ მომღერალი უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ მუსიკალურ სკოლაში სიარული გავაგრძელე, ოღონდ ამჯერად გააზრებულად და ჩემი ნებით.

პროფესიის არჩევის დროც დადგა...

შემდეგ ცოტა რთული პერიოდი მქონდა - სრულიად დავკარგე მოტივაცია, რადგან საკუთარი შესაძლებლობები აღარ მაკმაყოფილებდა და არც კლასიკური მუსიკა აღმაფრთოვანებდა დიდად. საქმე ისაა, რომ ყოველთვის ვერ განვითარდები, ზოგჯერ შეიძლება ერთ ადგილასაც გაიყინო, ამ დროს კი ალბათ მთავარი პროცესით სიამოვნების მიღებაა და არა მხოლოდ შედეგზე ფიქრი.

ამასობაში ე. მიქელაძის მუსიკალური სკოლა დავამთავრე და პროფესიის არჩევის დროც დადგა. ვიფიქრე, რომ მუსიკა ცოტა ხნით გვერდით გადამედო და არჩევანი ჟურნალისტიკაზე შევაჩერე. თავიდან ამ სფეროთი აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ სტაჟირების 4-5 დღე აღმოჩნდა საკმარისი იმის მისახვედრად, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი.

ზოგადად პროფესიის არჩევა ყველას ბრმად გვიწევს ხოლმე, რადგან სწორი წარმოდგენები და მოლოდინები არ გვაქვს ჩვენს სასურველ საქმიანობაზე.

ყველა გზას მუსიკამდე მივყავართ

იმის მიხვედრამ, რომ აღარ ვიცოდი ცხოვრებაში რა უნდა მეკეთებინა, კიდევ უფრო დამთრგუნა. მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც სულ შემთხვევით ორგანიზაცია DemLab-ში მოვხვდი, აქედან ჩემი სურვილების, პლუსების, მინუსების და კიდევ უამრავი რამის აღმოჩენის პროცესი დაიწყო, რადგან დამხვდნენ ადამიანები, რომლებიც სულ ხელს მკრავდნენ განვითარებისკენ და ჩემი ოცნებების ახდენისკენ.

ამასობაში კლასიკური მუსიკა ყურებამდე შევიყვარე და ნელ-ნელა იმ აზრს ისევ დავუბრუნდი, რომ თავს სრულყოფილად ვერასდროს ვიგრძნობდი მუსიკისა და სცენის გარეშე. ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ამ სფეროს დავბრუნებოდი, ყველა აღფრთოვანებით შეხვდა - ამან უდიდესი მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა მომცა.

ერთ ადგილას ვერასდროს ვისვენებ, მუდმივად მინდება ცვლილებები და ხშირად საქმე, რომელსაც ხელს მოვკიდებ შუა გზაში მბეზრდება. სიმღერა ერთადერთი რამაა, რაც დღემდე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს

დედა ყოველთვის იყო და არის ის ადამიანი, რომელიც ჩემს ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა და წარმოუდგენლად მეხმარებოდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ძალა ჩემი გუნდის გვერდში დგომამ მომცა. ეს ადამიანები ბოლომდე არიან ჩართულები ჩემს საგაკვეთილო პროცესებში. მართალია, მიჭირს ხოლმე ავუხსნა რას ვაკეთებ სოლფეჯიოს გაკვეთილზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ზოგჯერ ჩემზე მეტადაც სჯერათ ჩემი მუსიკალური კარიერის.

Plan A და დიდი სამომავლო გეგმები

სამსახურის პარალელურად აბიტურიენტობის თავიდან გავლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ახალ ძალებს მაძლევს.

მუსიკალური გამოცდილების შეგროვებასაც შერიოზულად შევუდექი, მუსიკალური სკოლის კონცერტების შემდეგ რამდენიმე დახურულ ივენთზე ვიმღერე, ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის...

მუსიკა ჩემთვის ყოველთვის plan B იყო. ვიცოდი, რომ თუ რამე არ გამომივიდოდა ან ვერ მივაღწევდი, ეს არ გახდებოდა დიდი პრობლემა, რადგან მაინც სიმღერისთვის ვიყავი გაჩენილი. ახლა ვაპირებ, რომ მუსიკა ჩემთვის plan A გახდეს, ამიტომ ჩემი ყველა სამომავლო გეგმა სცენაზე დგომას და ყველა პროცესით სიამოვნების მიღებას უკავშირდება.

ზევით