ლუკა ჩიქოვანს რიდლი სკოტის ახალ ფილმში ვიხილავთ

გაზიარება:

იტალიაში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ახალ სიმაღლეებს იპყრობს. მუსიკალური კარიერის პარალელურად, ლუკამ ხელი მსახიობობასაც მოჰკიდა და არცთუ უშედეგოდ. ლუკა ჩიქოვანი ლედი გაგასთან ერთად ფილმში House of Gucci ითამაშებს. თაყვანისმცემლებს ლუკა სოციალურ ქსელში House of Gucci-ს გადასაღები მოედნიდან ფოტოსურათებს უზიარებს.

 

ლუკა ჩიქოვანი თბილისში, 1994 წელს დაიბადა, მოგვიანებით კი ის იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და YouTube-ზე გამოქვეყნებული ჯასტინ ბიბერის, One Direction-ის და შონ მენდესის სიმღერის ქავერების შესრულებით გახდა სუპერ პოპულარული. 2016 წელს მან ხელი მოაწერა Universal Music Italia-სთან და სადებიუტო ალბომი Start გამოუშვა. 

ბოლო წლების განმავლობაში ლუკას ძირითადი საქმიანობის სფერო მუსიკა გახლდათ, თუმცა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. ის ჯიმ ქერის დიდი თაყვანისმცემელი იყო და ყოველთვის ცდილობდა მისთვის მიებაძა. დღეისთვის ლუკას კარიერაში უკვე რამდენიმე ფილმია, მათ შორის Happy as Lazzaro (2018 წ.) და Revenge Room (2020 წ.). აღსანიშნავია, რომ იტალიელი რეჟისორის ალიჩე რორვახერის ფილმმა „ბედნიერი ლაზარე", რომელშიც ლუკა ჩიქოვანი თამაშობს, კანის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი „საუკეთესო სცენარისთვის". 

კადრი ფილმიდან "ბედნიერი ლაზარე"

შეგახსენებთ რომ ლუკა ჩიქოვანთან ერთად ფილმში House of Gucci-ს, რომელსაც სარა ფორდენის ნოველის მიხედვით იღებენ, ლედი გაგას გარდა, ისეთი ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას, როგორებიც ადამ დრაივერი, ჯარეტ ლეტო, ალ პაჩინო და ჯეკ ჰასტონი არიან. House of Gucci-ს პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ზევით