„მაგნოლია“ - ნათია თოდუას სიურრეალისტური მუსიკალური კლიპის პრემიერა

9 აპრილს, საქართველოს დროით 8 საათზე, ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის, ნათია თოდუას ახალი კლიპის პრემიერა გაიმართა. ანა კალანდაძის ლექსზე, ცინუკი დადიანის სიმღერის განახლებულ ვერსიასთან ერთად, მუსიკალური კლიპის ჩაწერის იდეა ნათიას რამდენიმე თვის წინ დაებადა და ის რეჟისორ ზაზა ორაშვილთან ერთად სისრულეში, ხანგრძლივი და საკმაოდ შრომატევადი პროცესის შემდეგ მოიყვანა.

როგორც ნათია თოდუა პრემიერის დღემდე აცხადებდა, „მაგნოლია“ არის პროექტი, რომლის მსგავსზეც მუსიკოსს აქამდე არასდროს უმუშავია და კლიპის ნახვაც საკმარისია ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად. „მაგნოლია“, უდავოდ, ნათია თოდუას მუსიკალური კარიერის ახლი ეტაპია, სიურრეალისტური კლიპით, ცხადი და ემოციური გზავნილით, კავშირით წარსულთან და უკეთესი მომავლის იმედით.

„ამ მუსიკალურ ვიდეოზე მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სიმღერა „მაგნოლიას“ ძალიან ღრმა მნიშვნელობა და განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში. მე ძალიან ვამაყობ და მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, რომ მომცა შესაძლებლობა მთელი ჩემი გული ჩამედო ამ პროექტში“ - აცხადებს ნათია თოდუა.

ანა კალანდაძის ლექსი, რომელზეც ცინუკი დადიანმა უკვდავი სიმღერა დაწერა, ნათიასთვის მოგონებების კარის გაღების და მისგან ინსპირაციის მიღების საშუალება აღმოჩნდა. მშობლიური სახლის ეზოში კენტად დარჩენილი მაგნოლიას ხე, მისი სილამაზე და სურნელება ჯერ მუსიკოსის ახლებურ მუსიკალურ ვერსიაში აისახა, მოგვიანებით კი კლიპში დაგვირგვინდა.

ნათია თოდუასა და ზაზა ორაშვილის თანამშრომლობით, „მაგნოლიას“ მუსიკალური კლიპი საქართველოში, რამდენიმე დღის განმავლობაში იქმნებოდა. დიდი ტკივილითა და განშორებით შთაგონებული კლიპი მომღერალმა თითოეულ დევნილს, თითოეულ იმ ადამიანს მიუძღვნა, რომლებიც სახლის დაკარგვის შემდეგ დროის კაფსულაში არიან გაჭედილი და უკეთესს მომავალს, მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს საკუთარ გონებაში წარმოიდგენენ.

დანაკარგით გამოწვეული ტკივილი „მაგნოლიაში“ სიურრეალისტურად არის გადმოცემული. ნათია თოდუა ყველაზე პირადულ, ემოციურ ფანტაზიაში მასთან ერთად გვამოგზაურებს და პატარ-პატარა დეტალებით, ცნობილი ფილმების გაცოცხლებული კადრებითა თუ მაგიური კოსტიუმებით, საკუთარი დროის კაფსულის გიდობას გვიწევს.

„მაგნოლიას“ მუსიკალურ კლიპში თეთრი ფერი დომინირებს და ეს შემთხვევითობა სულაც არ გახლავთ, თეთრი ფერი იდეალური დასაწყისი და იმავდროულად გაგრძელებაა იმ კონცეფციისა, რომელსაც კლიპი ატარებს. შესაძლოა ნათია ტკივილზე გვიამბობდეს, თუმცა იმასაც შეგვახსენებს, რომ მასთან ერთად მშვიდობისა და უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის თანაარსებობს. 

ზევით