#მხატვრობა

„გალერეა 9“ მამია მალაზონიას გამოფენა „საიათნოვას“ მასპინძლობს

გაზიარება:

თეატრალური მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და შოთა რუსთაველის ეროვნული პრემიის ლაურეატი -  მამია მალაზონია, გამოფენა „საიათნოვას“ „გალერეა 9-ში“ გამართავს. 

„მ. მალაზონია გვარწმუნებს, რომ არაერთი ენა იცის, კულტურის ენა... ახალი ნამუშევრების ციკლის შექმნის დროს არა მხოლოდ არქიტექტორია ის, არამედ რეჟისორიცაა“ - დავით ანდრიაძე

85 წლის მამია მალაზონიას სახელი კარგადაა ცნობილი ქართული გრაფიკული ხელოვნების მკვლევართა, გამომცემელთა და ზოგადად, წიგნის მოყვარულთა წრეებში. 1962 წლიდან მოყოლებული, იგი აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში. წლების განმავლობაში ის გახლდათ რუსთაველის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 

მამია მალაზონიას შექმნილი აქვს ილუსტრაციები შექსპირის, დანტეს, გოგოლის, ვიიონის, ნაბოკოვის, აპოლინერის ნაწარმოებებისათვის, ასევე ქართული და უცხოური ზღაპრებისათვის

59-წლიანი სახელოვნებო მოღვაწეობის მანძილზე მამია მალაზონიას გამართული აქვს15 პერსონალური გამოფენა, გაფორმებული აქვს 90-მდე სპექტაკლი, 16 მხატვრული და ანიმაციური ფილმი. მამია მალაზონიას „საიათნოვას“ ხილვა „გალერეა 9-ში“ 26 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

რატომ „საიათნოვა“? - მ. მალაზონიამ ახალი ციკლის შექმნა განიზრახა და ამ გზით შეგვახედა საუკუნეების წინანდელი, თბილისელი სომეხი პოეტისა და მომღერლის სამყაროში... არუთიუნ საიათიანი, იგივე საიათ-ნოვა დაიბადა 1712 წელს თბილისში. ის ერეკლე || - ის კარის მომღერალი, პოეტი და მუსიკოსი იყო. გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა, 1795 წელს კი ახპატის მონასტერში, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს დაიღუპა. თაობებს დარჩა საიათნოვას 200-ზე მეტი ნაწარმოები, სატრფიალო პოემები და ლექსები სომხურ, თურქულ და ქართულ ენებზე. 

სამუშაო საათები:

სამშაბათი - კვირა 13:00 - 20:00

მისამართი: დ.უზნაძის ქუჩა 9, თბილისი, საქართველო

დასწრება უფასოა

ზევით