#მუსიკა

მართლაც, რა იყო ეს? - Tbilisi Open Air დაიწყო

გაზიარება:

ემოციური მეხსიერება რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სუპერძალაა, ამაში გასულმა ღამემ ნათლად დაგვარწმუნა, მხოლოდ მისი აბსტრაქტული ბუნების ძალით აიხსნება ის ემოციური ტალღა, რომელიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში შებიჯებით დაგვატყდა თავს და ყველაზე ბედნიერი მოგონებები ამოგვიტივტივა. არადა, 3-წლიანი განშორების შემდეგ სულ წამით მაინც წარმოგვედგინა, რომ მცირე გაუცხოება მაინც გვექნებოდა ჩვენს საყვარელ ფესტივალთან, მაგრამ არა, მან არა მხოლოდ ძველი, კარგი მეგობრებივით მიგვიღო, არამედ საუკეთესო წუთებიც გვაჩუქა.

Tbilisi Open Air, 2022

Tbilisi Open Air, 2022

2022 წლის Tbilisi Open Air-ის პირველი დღე ღრმა ძილიდან გამოღვიძებას ჰგავდა, თანაც როგორს?! გასული დღე არ იყო მხოლოდ მოგონებების ზეიმი, ამ დღემ იმაზე მეტი შეგვძინა, იმაზე მეტად გაგვაბედნიერა და გაგვათავისუფლა, ვიდრე ვიოცნებებდით და იმ კოლექტიური სიყვარულის ნაწილიც კი გაგვხადა, რომელიც 2 წლის წინ წარმოუდგენელიც კი გვეჩვენებოდა.

წვიმა რომ Open Air-ის განუყოფელ ნაწილად, ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, ამას აუცილებლად შეამჩნევდით. არც გუშინდელი დღე ყოფილა გამონაკლისი და სიმართლე რომ ვთქვათ, ჰოლივუდური ფილმების არ იყოს, სველი თმით გასულ ღამეს ყველაფერი უფრო დრამატული ჩანდა.

Tbilisi Open Air, 2022

Tbilisi Open Air, 2022

ბედნიერი მომენტები, საყვარელი შემსრულებლები, მეგობრებთან ერთად გატარებული დაუვიწყარი დრო - Open Air-სკენ ყველა სხვადასხვა მიზნით მივემართებით, მაგრამ ის რაც გვაერთიანებს მუსიკაა. მუსიკალური დღესასწაულის პირველ დღეს კი ყველაფერი ჰქონდა, რისთვისაც ეს ფესტივალი შევიყვარეთ, უსაყვარლესი MEME გავიცანით, KORDZ-თან დადებითი ენერგიით დავიმუხტეთ, Konoba-სთან ერთად I'm a wolf ვიმღერეთ, სულ ბოლოს კი მელანქოლიურ მორევშიც გადავეშვით და  Cigarettes After Sex-ის მომაჯადოებელი ჰანგებით მთელი საათის განმავლობაში დავტკბით.

Tbilisi Open Air, 2022

მუსიკალურმა თავგადასავალმა ღამის ათასფერ საოცრებათა ქვეყანაში გადაინაცვლა და დილამდე გაგრძელდა.

Tbilisi Open Air, 2022

იყო თუ არა გასული საღამო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილება, რაც კი Tbilisi Open Air-ზე ოდესმე მიმიღია? - უდავოდ იყო, ვნანობ რომ დასრულდა? - რა თქმა უნდა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ 2 გიჟური, ამაღელვებელი და ემოციური დღე მელოდება ეს დანამდვილებით ვიცი.

ზევით