მეოცე საუკუნის ხელოვნების მთავარი ქალი

საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის ლუიზა ბურჟუას შესახებ, რომელიც არამხოლოდ თანამედროვე ხელოვნების, არამედ ფემინ-არტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც ფორმალურად არც ერთი ხელოვნების მიმდინარეობას არ მიეკუთვნება, პარიზში 1910 წელს დაიბადა. ფრანგი-ამერიკელი ხელოვანი ცნობილია სურეალისტურ-ფემინისტური ქანდაკებებით და როგორც ქალი ხელოვანი, ის ამ სფეროს პიონერია.

ლუიზა ბურჟუას შემოქმედებაში გასული საუკუნის მხატვრული აზროვნების თითქმის ყველა მიმართულებაა გაერთიანებული - კუბიზმით დაწყებული და  კონსტრუქტივიზმით დასრულებული. მისი შემოქმედება არამხოლოდ ხელოვნების ერთგვარი ენციკლოპედიაა, არამედ ღრმა ინტიმური და ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია.

Femme Maison სერია (1945-1947) წარმოადგენს მხატვრის მისებურ ხედვას, თუ როგორია ქალის როლი ოჯახში. ბურჟუა შეიძლება ჩაითვალოს ფემინიზმის ერთ-ერთ პირველ პროპაგანდისტად.

Femme Maison

ჩემს ნამუშევრებს ჩემი ბავშვობის ღრმა დაღი ადევს.

ბურჟუას ყველა ნამუშევარი ბავშვობის კომპლექსების ანარეკლი და ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორიაა. თავად ხელოვანის აზრით კი, ეს ყველაფერი ემოციების დაძლევის მცდელობაა, ვინაიდან მასში იმაზე მეტიც გრძნობაა, ვიდრე მისი გაბარიტების ქალს შეუძლია აიტანოს.

ლუიზა ბურჟუამ ბავშვობა საფრანგეთის პროვინციაში გაატარა. მამამისი ღიად ღალატობდა დედას. გასაკვირი არ არის, რომ ოჯახურმა დრამამ პატარა, შთამბეჭდავ გოგონაზე ღრმა კვალი დატოვა, რაც შემდეგ მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე აისახა. მას ისე სძულდა მამა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობაც კი სცადა - მოღალატესთან ცხოვრება მისთვის აუტანელი ჩანდა.

Cell XXVI

შემოქმედისთვის მამა, როგორც მთელი ცხოვრების მთავარ კოშმარად, ასევე ყველაზე ძლიერ შთაგონებად იქცა. და ამის დასტური მისი არაერთი გენიალური ნაშრომია და მათ შორის „მამის განადგურება" (Destruction of Father, 1974).

Destruction of Father, აბსტრაქცია, რომელიც ერთდროულად საწოლიც არის და მაგიდა ფუნთუშებით. საწოლი, სადაც მამა დედას ღალატობდა და მაგიდა, სადაც ლუიზა მზად არის მამა შეჭამოს ბრაზისგან.

ხელოვნებით იმიტომ დავკავდი, რომ მამასთან საუბრებისგან მიცავდა. სადილის დროს, როდესაც მამა საუბარს იწყებდა, თუ რამდენად კეთილი და მშვენიერი იყო ის, მე ვიღებდი თეთრ პურს, ნერწყვით ვასველებდი, გამოვძერწავდი მის ფიგურას და შემდეგ დანით ვაჭრიდი ხელებს და ფეხებს

 Child

პატარა ლუიზა გაიზარდა, სახელოვან არტისტად იქცა და მამამისის დანაწევრებას კვლავ აგრძელებდა, თუმცა ყოველი დანაწევრება უკვე მსოფლიო შედევრად იქცეოდა.

Maman, სკულპტურა, რომელიც ლუიზამ დედას მიუძღვნა. ობობა იცავს თავის ძვირფას კვერცხებს ფოლადის გალიის მსგავს სხეულში და იწვევს შიშს, თუმცა მასიური სიმაღლე და სუსტი ფეხები, მწვავე დაუცველობას უსვამს ხაზს.

უნდა მოიცილოთ წარსული ან მიიღოთ იგი. თუ ეს არ გამოგივიდათ, მაშინ მოქანდაკე უნდა გახდეთ ჩემსავით.

ლუიზა ბურჟუა ნათელი მაგალითია ისეთი ხელოვანისა, რომელიც საკუთარი ემოციებითა და პირადი გამოცდილებითაა შთაგონებული. ის ერთგვარ ვაკუუმშია - საკუთარი განცდების ნაჭუჭში. ლუიზამ გარე სამყაროს გავლენა გამორიცხა. ფართო საზოგადოებისთვის ბურჟუა ძნელად გასაგები იქნება ყოველთვის, თუმცა, თუ კი მისი ბიოგრაფია კარგად გეცოდინებათ უფრო მარტივად შეძლებთ ჩაწვდეთ მის ემოციურ შემოქმედებას. ბურჟუას ნამუშევრების სემანტიკური შინაარსი დაახლოებით ერთი და იგივეა, მაგრამ გასაოცარია ტექნიკა, რომლითაც ამ ქანდაკებებს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ხელოვანი ქმნიდა.

The Eternal Thread
ზევით