#კინო

„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

გაზიარება:

„ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წარდგენილი „მეოთხე ბრაიტონი“ ყველაზე დიდ დაჯილდოებამდე დიდების მოხვეჭას განაგრძობს და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის (Red Sea Film Festival) პრიზის მფლობელადაც გვევლინება.

ლევან კოღუაშვილის კომედიურმა დრამამ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი და ფულადი პრიზი 100 000 დოლარი მოიგო. ლევანს ჯილდო ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა და კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, ჯუზეპე ტორნატორემ გადასცა.

„ნომინანტებმა წარმოაჩინეს ნიჭის წარმოუდგენელი დიაპაზონი, ერთმანეთისგან განსხვავებული თემებით, ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო“ - განაცხადა ტორნატორემ.

ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის - „მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე „ტრაიბეკაზე“ შედგა. „მეოთხე ბრაიტონი“ ქართველი მოჭიდავის ამაღელვებელ ისტორიას გვიყვება. მთავარი გმირი - კახი ბრუკლინში ჩადის, რათა შვილის აზარტული თამაშების ვალი გადაიხადოს. ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი - ლევან თედიაშვილი ასრულებს.

ზევით