#მხატვრობა

მონე, შალე, კლიმტი: საშემოდგომო პეიზაჟების ცნობილი ავტორები

გაზიარება:

შემოდგომა წელიწადის დროების ნამდვილი საგანძურია, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სეზონი, თავისი ფერთა გამით, გარდამავალი ტონებით, ფოთოლცვენითა და უმშვენიერესი დაისებით მნახველის აღფრთოვანებას არასოდეს წყვეტს. ეს სეზონი საუკეთესო დროა ბუნების ახლოდან აღმოსაჩენად და მის შესასწავლად და შესაგრძნობად. შთაგონებისთვის ერთი მაგიური პეიზაჟიც კი საკმარისია და ის თქვენი მეხსიერებიდან არასოდეს გაქრება.

1. ვინსენტ ვან გოგი

დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებს შორის, ვან გოგის შემოქმედება უდავოდ მოწინავე ადგილს იკავებს. მზესუმზირებით, ვარსკვლავიანი ღამეებითა და ავტოპორტრეტით ცნობილი მხატვრის შემოქმედებაში, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პეიზაჟებს. "შემოდგომის პეიზაჟი ოთხი ხით" ვინსენტ ვან გოგის 1885 წელს შექმნილი ფერწერული ნამუშევარია, რომელზეც მხატვარი მშობლიურ ჰოლანდიაში მუშაობდა.

ხეები ნახატზე წლის მონაცვლე სეზონებს წარმოადგენენ. სიმბოლური მნიშვნელობის გარდა, ვან გოგის ეს ნამუშევარი უაღრესად დელიკატური ფერთა კომბინაციით, ერთდროულად ჰარმონიული და მკაცრი ვიზუალით გამოირჩევა.

2. კლოდ-ოსკარ მონე

იმპრესიონიზმის ფუძემდებლის, კლოდ-ოსკარ მონეს შემოქმედებაში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ფერწერული ტილო სახელად "შემოდგომა სენაზე არჟენტეილში", რომელიც მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია. მონე ამ ტილოზე 1866-67 წლებში მუშაობდა. ნახატი ასახავს შემოდგომის დღეს და კონტრასტულ განწყობას მდინარე სენაზე. 

მდინარე, რომელიც ხალხმრავლობით გამოირჩევა, სექტემბრის ერთ მშვენიერ დღეს კლოდ მონესთვის ხმაურისგანაა დაცლილი, ის ერთდროულად მშვიდიცაა და ამაღელვებელიც.

3. ვასილი კანდინსკი

რუსი მხატვრისა და თეორეტიკოსის გრაფიკული ფერწერული ნამუშევარი გერმანიაში, მიუნხენშია შექმნილი. აბსტრაქციონიზმის ერთგულმა გულშემატკივარმა ვასილ კანდინსკიმ შემოდგომის მიუნხენი სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დაგვანახვა.

კანდინსკის ნამუშევარი ბუნების დღესასწაული და ბავარიის პეიზაჟისთვის მიძღვნილი სასიყვარულო წერილია, ბუნებრივი სილამაზით და თვალწარმტაცი ფერებით.

4. ეგონ შილე

"ოთხი ხე" ეგონ შილეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელმაც მხატვრის მომავლის სტილი განსაზღვრა. ვან გოგის მსგავსად, შილეც სიმბოლიზმის მეთოდს მიმართავს და სეზონებს მონაცვლეობით წარმოგვიდგენს ფერწერულ ნამუშევარზე.

ეგონ შილეს ამ ნახატმა პოპულარობა განსაკუთრებით თბილი ფერების და სახეშეცვლილი ჰორიზონტის წყალობით მოიპოვა. ნახატი 1909 წელს შეიქმნა და დღეს ის Leopold Museum-ში, ვენაშია დაცული.

5. გუსტავ კლიმტი

ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, არტ-ნუვოს მოძრაობის წევრის შემოქმედებაში ულამაზესი საშემოდგომო პეიზაჟის ხილვაც შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი, გარდამავალი და მეტყველი ფერები და შემოდგომის ესთეტიკა მხატვრის არაერთ ნამუშევარს ახლავს თან, ეს პეიზაჟი მნახველს განსაკუთრებულად აღაფრთოვანებს.

"არყის ხე" მრავალმხრივი პერსპექტივით შეგვიძლია დავინახოთ, ის არის როგორც ბუნების სიკვდილის ალეგორია, აგრეთვე სულიერი ზრდის სიმბოლო ან სულაც სოფლის ცხოვრების ასახვა.

გუსტავ კლიმტმა გამოიყენა თავისი ხელოვნება, როგორც პროპაგანდა "neue kunst" (ახალი ხელოვნება) მოძრაობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონსერვატიულ ტენდენციებს ვენის მხატვართა ჯგუფში.

ზევით