#კულტურა #კინო

მსახიობი მარი ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაზიარება:

ქართულმა თეატრმა მეორე დიდი დანაკლისი იწვნია, ამჯერად საქართველოს კიდევ ერთ დამსახურებულ არტისტს, თეატრისა და კინოს მსახიობ მარი ჯანაშიას ვემშვიდობებით. მარი დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას კულტურის სამინისტრო და რუსთაველის თეატრი ადასტურებენ.

მარი ჯანაშიას ძუძუს კიბოს დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუდასტურდა, მსახიობმა ბრძოლაში გაიმარჯვა და ორწლიანი პაუზის შემდეგ სცენას ძველი დიდებით და ახალი შემართებით დაუბრუნდა, არავინ ელოდა მარისგან იმ ემოციას, ქორეოგრაფიულ მონაცემებსა და განწყობას, რაც მან სცენაზე დაატრიალა, თუმცა ფაქტი კი ის გახლდათ, რომ მან მაყურებელიც და რეჟისორიც გაოგნებული დატოვა.

მარი ჯანაშიას თეატრის სცენაზე მოხვედრას, ხშირად მის ბედისწერას უკავშირებენ, რომელმაც არა პირდაპირი გზით, არამედ საკუთარი ფეხით მიიყვანა დანიშნულების ადგილას, თანდაყოლილი ნიჭის აღმოჩენა თეატრის წარმომადგენლებმა მარტივად მოახერხეს და მარიმაც, 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, ისეთ სპექტაკლებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა: „ანტიგონე”, „ჩვენი მელოდიები”, „რომეო და ჯულიეტა”, „ქალის ტვირთი”, „ტარტიუფი”, „მშვენიერი ქართველი ქალი”, „ოტელო”, „თავადის ასული მერი” და სხვა.

გარდა თეატრალური საქმიანობისა, მარი ჯანაშია აქტიურად იყო ჩაბმული კინოსამყაროში და ისეთი როლები შემოგვინახა, როგორებიცაა: „კუკარაჩა”, „მარადისობის კანონი”, „ცოდვის შვილები”, „მარტოხელა მონადირე”, „დინოზავრის კვერცხი”, „მშვიდობით, ქალბატონო” და სხვა.

ზევით