#მხატვრობა

„მთის ხერხემალი“ - თამარ მაღრაძის სოლო გამოფენა MAUDI-ში

გაზიარება:

11 ივნისს, თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციური სივრცე მაუდი, თამარ მაღრაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მთის ხერხემალი“ წარმოგვიდგენს. გამოფენა აერთიანებს პანდემიის პერიოდში შექმნილ ფერწერულ ტილოებს და ვიდეო ნამუშევარს.

პორტრეტების სერია Face Nature წარმოადგენს ადამიანის მსგავს სახეებს და ფიგურებს, რომელთა დენადი კონტურები და ძლიერი ფერები ირეკლავს ბუნებრივ ელემენტებს და ფორმებს, როგორიცაა წყალი, მთები და ბუმბული. მათი განწყობა მერყეობს განსაზღვრულობას, სევდასა და განუსაზღვრელობას შორის. პორტრეტების აურა დროს აჩერებს, მიუთითებს აწმყოზე ინერციული დინამიკის საწინააღმდეგოდ.

ფერწერულ პორტრეტებში წარმოდგენილი არსებები მხატვრის მიერ, ნამუშევრების შექმნის საგულდაგულო და ტექნიკურად მსუყე ძალისხმევის შედეგად იძენენ სიცოცხლეს.

ხშირ შემთხვევაში ქალური, ხოლო ხანდახან ცხოველური ფიგურები ადამიანისა და მისი გარემომცველი ბუნების სათუთ და მტკივნეულ გამყოფ ხაზებზე თანაარსებობენ, თავისთავად წარმოადგენენ ბუნების ქალურ საწყისს და ამასთან გამოხატავენ სევდას, რაც მოკვდავებას და ბუნებრივი გარემოს განადგურების პროცესს ახლავს თან.

ფერწერის პარალელურად წარმოდგენილი ვიდეო ნამუშევარი დაძველებულ რკინის ღობეზე, ჟანგისგან შემთხვევით გამოსახულ ლანდშაფტს აკვირდება. ეს ნამუშევარი თითქოს ფერწერების საპირისპირო მოცემულობას წარმოადგენს. მხატვარი გარე დამკვირვებელია, ხოლო პეიზაჟები ადამიანისგან დატოვებულ ღობეზე ბუნებრივად, ჟანგვის პროცესით ისახება.

ნამუშევართა განსხვავებული ხასიათი იგრძნობა ექსპოზიციაშიც. მაშინ როდესაც თეთრ სივრცეში განთავსებული პორტრეტები თავიანთი ძლიერი ენერგეტიკული ველით ავსებენ სივრცეს და განსაზღვრავენ მისი მყარი სტრუქტურის დინამიურობას, ვიდეო ნამუშევარი მნახველისთვის მხოლოდ ძალისხმევის, დაკვირვების შედეგად ცოცხლდება.

მხატვრის შესახებ

თამარ მაღრაძე დაიბადა 1988 წელს, თბილისში. არის ხელოვანი და მუშაობს ფერწერის, ვიდეო ხელოვნების, ანიმაციისა და ექსპერიმენტალური ფილმების განხრით. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2007–2011 წლებში. 2012 წელს თამარი სწავლის გასაგრძელებლად საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა სადაც მან დამთავრა მაგისტრატურა ახალი მედიებისა და ექსპერიმენტიული ფილმის განხრით ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორ ჰიტო შტაიერის ხელმძღვანელობით.

მისი ნამუშევრები ნაჩვენებია Museum für Fotografie, Berlin; ბერლინი; Haus am Lützowplatz, Berlin; ბერლინი; BF Artist Film Festival, London; ლონდონი; Tbilisi International Film Festival; თბილისი და სხვა.
თამარის ვიდეო ნამუშევრები, მხატვრობა და ანიმაციები ეხმიანება თანამედროვე სოციალურ და ეკოლოგიურ კონფლიქტებს, გარდამავალ ბრძოლებს, რომელსაც მხატვარი პერსონალური მიდგომით, ხშირად სიზმრისეული და სიურიალისტური მეთოდებით გამოხატავს.

ზევით