#მუსიკა

ნატალია ნაყოფიას სადებიუტო „ცისფერი აბი“ და მუსიკალური სატირა

გაზიარება:

ორშაბათი დღე ენერგიულად, მხიარული განწყობით და შემართებით უნდა დავიწყოთ, რაშიც ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერლის, ნატალია ნაყოფიას სადებიუტო სიმღერით დაგეხმარებით და გაგაცნობთ სიმღერას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იტრიალებს თქვენს გონებაში.

ნატალია ნაყოფიას დებიუტი ქართულ მუსიკალურ სამყაროში გუშინ გაიმართა. „ცისფერი აბის“ მუსიკალურმა კლიპმა Youtube-ზე უკვე დააგროვა 28 ათასი ნახვა და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჟღერადი, დასამახსოვრებელი მუსიკით, ტექსტისა და რითმის შეგრძნებით, მუსიკალურ-ვირტუალური სატირითა და მცირე იუმორით, რაც კლიპს თანამედროვე ხიბლს სძენს, მისი მნახველთა რაოდენობა ძალიან მალე გაიზრდება.

„ცისფერი აბი“ Bravo Records-ში ჩაიწერა. მუსიკალური კლიპის პროდიუსერებად სანდრო მაისურაძე და ნინა ჩხეიძე მოგვევლინენ, ფროდაქშენი კომპანია Collaba-ს ეკუთვნის, რაც შეეხება ქორეოგრაფიულ დადგმას ეს დავალება Twincity Dance Studio-მ აიღო საკუთარ თავზე და ისევე ბრწყინვალედ შეასრულა, როგორც მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა.

ნატალია ნაყოფიას ცხოვრება მუსიკით დაიწყო, ინტერესი და სიყვარული მუსიკის მიმართ ნატალიას ბავშვობიდან გაუჩნდა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ზუსტად იცოდა რომელ პროფესიას მიუძღვნიდა თავს. 17 წლის აბიტურიენტმა ბედი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში სცადა და მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ნატალია ნაყოფიამ სწავლა ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში განაგრძო.

სწავლის დამთავრების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა და გადაწყვიტა შეძენილი ცოდნა და ადამიანური რესურსი სწორედ საკუთარ ქვეყანაში ჩაედო. ნატალია ნაყოფია აქტიურად მუშაობს სადებიუტო ალბომზე, „ცისფერი აბი“ კი მისთვის გაცნობითი ხასიათის მუსიკა გახლდათ, რომელიც მომღერალმა სინგლის სახით გამოუშვა, თუმცა დიდი სიახლეები ნატალიას ცხოვრებაში და კარიერაში ჯერ კიდევ წინ არის.

ზევით