ნათია ნანობაშვილი: „მუსიკა ჩემს ცხოვრებაში 5 წლის ასაკში გაჩნდა“

ქართველები რომ საოცრად მუსიკალური ერი ვართ, ამაში ეჭვი დიდი ხანია არავის გვეპარება, თუმცა ყოველი ახალი ტალანტის, ახალი დამატკბობელი ჰანგებისა და ხმის აღმოჩენა, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით გვმუხტავს. საოცრად ნიჭიერი და მაგიური ნათია ნანობაშვილი ჩვენს საიუბილეო საღამოზე აღმოვაჩინეთ და სიამოვნებით მოვისმინეთ მისი მუსიკალური ისტორიის დეტალები.

როდის გადაიკვეთა ჩემი და მუსიკის გზები...

მუსიკა დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის მნიშვნელოვანი ცნება, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია გამოხატოს ჩემი გრძნობა თუ ემოცია. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მაშინ, როდესაც 5 წლის ვიყავი. იმ დროიდან ვუსმენდი სხვადასხვა ჟანრს, რათა დამხმარებოდა იმის მიხვედრაში, თუ რომელ ჟანრში ვიგრძნობდი თავს საუკეთესოდ.

მთავარი გადაწყვეტილება კი მივიღე 11 წლის ასაკში და ნებისმიერი მუსიკოსი დამეთანხმება, რომ ამ სურვილის ასრულებას სჭირდება სათანადო მომზადება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ვოკალის პედაგოგს, ხათუნა ლეჟავას.

ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვებული მუსიკალური გამოცდილება...

ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც მუსიკალურ პროექტებს უკავშირდება. 16 წლის ასაკში ვიყავი საქართველოს ვარსკვლავის კონკურსანტი, სადაც კარგი გამოცდილება მივიღე. მას შემდეგ ჩატარდა არასატელევიზიო კონკურსი სახელად „ოქროს მუზა“, რომელშიც პირველი ადგილი მოვიპოვე.

ერთი წლის წინ მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს ხმაში, სადაც ნახევარფინალისტის წოდება მივიღე. საქართველოს ხმამ ნამდვილად დიდი გამოცდილება შემძინა, რადგან მომეცა საშუალება, რომ მემუშავა პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად. ორმხრივი გადაწყვეტილებით, ჩემი კოლაბორაცია მოხდა მაესტრო, ნიკოლოზ რაჭველთან. ამ საოცარ ადამიანთან ერთად გატარებული ყოველი წუთი და მოგონება არის მუსიკალური დღესასწაული და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უძვირფასესია ჩემთვის.

ცხადია, რომ ამ პროექტებს თან ახლავს ღელვა და სტრესი, მაგრამ იმ ძვირფასმა მოგონებებმა შეძლო და გადაფარა ყველანაირი ღელვა. სამომავლოდ, სიამოვნებით გამოვცდი საკუთარ თავს კიდევ უფრო განსხვავებული სახის პროექტებში, რაც დამეხმარება გამოცდილების დაგროვებასა და მიზნების რეალიზებაში.

მეორე პროფესია

ამჟამად ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის განხრით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩემი მეორე პროფესია, რომელიც ძალიან დამეხმარება სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

აქტიურად ვმუშაობ თვითგანვითარებაზე და სწავლის დასრულების შემდეგ, დიდი სურვილი მაქვს, რომ ცოდნა გავიღრმაო მუსიკის განხრით და შევეჭიდო ახალ სირთულეებს. ვფიქრობ, რომ ჩემი საყვარელი სტილი არის სოული, რომელშიც თავს ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ.

ჩემი სამომავლო გეგმები...

ეს ჟანრი მაძლევს საშუალებას, რომ ესა თუ ის სიმღერა სხვადასხვა ინტერპრეტაციითა და იმპროვიზაციით შევასრულო, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სამომავლოდ, როგორც აღვნიშნე, მსურს სწავლის გაგრძელება, მუსიკის განხრით და ვფიქრობ, რომ ორივე პროფესია კარგ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან. დამეთანხმებით, რომ ენა ამისთვის აუცილებელია და ეს ყველაფერი მომცემს იმის საშუალებას, რომ საკუთარ სიმღერებზე მუშაობის გემო შევიგრძნო, რაც ძალიან სასიამოვნოდ წარმომიდგენია.

ზევით