ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა „ძველი მეხსიერების სურათები“

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა - „ძველი მეხსიერების სურათები“ გაიხსნა. სახვითი ხელოვნების მუზეუმმა და ხელოვანმა სოლო გამოფენა უკრაინელ ხალხს მიუძღვნეს, მათ ვისაც ნებისმიერი თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ექსპოზიცია წარმოადგენს ხელოვანის ერთგვარ ბიოგრაფიულ მონოლოგს. გამოფენაზე თავს იყრის მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებიც წარმოაჩენს განვითარების ქრონოლოგიურ ხაზს 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე. თვითნაბადი ფერმწერის ზოგადი ხელწერა სრულიად ახალი ტალღაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში.

ნატო სირბილაძის დროში დაკარგული, უმისამართო პერსონაჟები, პატარა არსებები, ცხოველები, გასულიერებული ნივთები, კულტურული და რელიგიური გმირები თითქოს წარმოადგენენ ერთიანი რომანის ქვეთავებს. გამოფენაზეც ზღაპარი და ფსიქოდელია ერთიანდება. ამ გზით დამთვალიერებელი დასვამს კითხვას, რომელზეც გაუჭირდება პასუხის გაცემა: თუ სად ივლება ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის.

ნატო სირბილაძე დაიბადა 1955 წელს თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო. მან ხატვა 31 წლის ასაკში დაიწყო, პროფესიული წვრთნის უქონლობამ მხატვარს ხელი შეუწყო მისთვის დამახასიათებელი მხატვრული ხელწერა აღმოეჩინა.

ნახატები ძირითადად შესრულებულია ქაღალდზე აკვარელით და გუაშით. ნატო სირბილაძის მხატვრობა გამოირჩევა თემატიკისა და ტექნიკის მრავალფეროვნებით. 

მხატვარი მკვეთრად განსხვავდება თბილისის სკოლისთვის დამახასიათებელი ხელწერისაგან და მისი თაობის არტისტებისგან. არანაირი ტრადიციების გაგრძელება - პირიქით, სრულ დისონანსშია დამკვიდრებულ სახელოვნებო ნორმებთან. მისი ძიება და არტისტიზმი ერთგვარი დაკვირვებაა ცხოვრებასა და კაცობრიობის მეხსიერებაზე, „ძველ მეხსიერებაზე“, სადაც სირთულე სიმარტივეშია.

 სწორედ ეს ნაივური თხრობა და ოპტიკური სისუფთავე, ფერთა ზეიმი წარმოადგენს ერთგვარ ძველ მეხსიერებას, სადაც „უცნობი“ და „ნაცნობი“ ერთმანეთს დიდი ხნის შემდეგ ხვდება. მხატვარს ხშირად ადარებენ თავისი პირდაპირი და ცალსახა გამომსახველობის თუ „ფერწერული ნიღბების“ გამო ნიკო ფიროსმანაშვილის ყოვლისმომცველ სიმარტივეს.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ძველი მეხსიერების სურათები 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.

ზევით